აზერბაიჯანი „პატრიოტულ ომში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და 44-დღიანი ომის შემდეგ ბაქომ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა.
საერთო ჯამში, აზერბაიჯანის არმიამ კონტროლს დაუქვემდებარა 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლეები აღდარის, მუროვდაგისა და ზანგილანის მიმართულებით.
ომში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 2 908 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ექვსი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითვალისწინებდა. სამმხრივ განცხადებაში ასევე ასახული იყო ქალბაჯარის, აღდამის და ლაჩინის რეგიონების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება. 2020 წლის 3 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „გამარჯვების დღის“ დაწესების შესახებ.

აზერბაიჯანში დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ჩავიდა
აზერბაიჯანს და სომხეთს შორის 44-დღიანი ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ილჰამ ალიევს რამდენჯერმე დაურეკა და ემუქრებოდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა დაიწყო და, სამხედრო წარმატებების მიღწევის კვალდაკვალ, ეს ზეწოლა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა და საფრთხეებამდეც კი მივიდა.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა გვითხრა: „დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ“. მაკრონმა თქვა, რომ ეს თუ არ მოხდება, საფრანგეთი აღიარებს მთიან ყარაბაღს. მან მაშინვე მიიღო პასუხი აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგულ მხარეს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს შეცვლიდა. მათ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გაწყვეტდა ყველანირ დიპლომატიურ ურთიერთობას საფრანგეთთან“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2018 წელს ბაქო, ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, სომხეთის ახალი მთავრობისგან კონსტრუქციულ მიდგომას იმედოვნებდა, თუმცა ეს იმედი სწრაფად გაქრა სომხური მხარის მხრიდან მუდმივი სამხედრო და პოლიტიკური პროვოკაციების გამო.
ბაირამოვმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთის საიდუმლო გეგმა გაამხილა და აღნიშნა, რომ მოსკოვის გეგმის მიღების შემთხვევაში ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა, სიტუაცია გაიყინებოდა და აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლება შეუძლებელი გახდებოდა.
„მოლაპარაკებების დაწყებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მხარეებს წარუდგინა დოკუმენტი – მზა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. მასში შემოთავაზებული იყო, 9 ოქტომბრის შუაღამისას შეწყვეტილიყო ყველა სამხედრო მოქმედება შეხების ხაზზე. რუსი სამშვიდობოები განლაგდებოდნენ აზერბაიჯანის არმიასთან ერთად ხაზის აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო რუსი სამშვიდობოები და სომხეთის შეიარაღებული ძალები – დასავლეთ მხარეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ძალების გაყვანისა და რაიმე დამატებითი პირობების გარეშე, რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდებოდნენ“, – აღნიშნა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"