არაბეთის გაერთიანებული საამიროები აეროპორტების მასიურ გაფართოებას გეგმავს. დაგეგმილია, რომ დუბაის მეორე აეროპორტი ყოველწლიურად 250 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. ეს ამბიციები სავარაუდოდ 2050 წლისთვის განხორციელდება. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მსოფლიოს აეროპორტების დატვირთვის უახლესი რეიტინგების მიხედვით, ის ყოველთვის TOP-5-შია. 2023 წლის პირველ ნახევარში 41,6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
მაგრამ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს საჰაერო ჰაბთან დაკავშირებით. მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც 1,5-დან 2,5 მილიარდ ევრომდე დაჯდება. დუბაის აეროპორტების აღმასრულებელი დირექტორი პოლ გრიფიტსი დარწმუნებულია რომ, 15 წლის განმავლობაში, DXB შეძლებს წელიწადში 120 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.
კაპიტალური რემონტის შემდეგ, ამ აეროპორტს ახალი ლაუნჯები, დამატებითი სარეგისტრაციო დახლები და დასასვენებელი ადგილები ექნება. დააყენებენ უახლეს სკანერებს, რისი წყალობითაც შეძლებენ მოხსნან შეზღუდვები სითხეების ხელბარგში გადატანაზე.
როგორც კი DXB მიაღწევს მოსალოდნელ შედეგებს, აქტიურად განვითარდება კიდევ ერთი - Al Maktoum International Airport (DWC). სწორედ ის უნდა გახდეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი.
პირველ რიგში, ალ-მაქტუმის სიმძლავრე წელიწადში გაფართოვდება 130 მილიონ ადამიანზე დაახლოებით. საავიაციო ექსპერტების პროგნოზების თანახმად, 2050 წლისთვის ალ-მაქტუმის აეროპორტში მგზავრების რაოდენობამ წელიწადში შეიძლება 250 მილიონს გადააჭარბოს.