Nvidia-მ და მაღალი ხარისხის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შემმუშავებელმა სტარტაპმა Groq-მა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ითვალისწინებს Groq-ის ტექნოლოგიაზე არაექსკლუზიურ ლიცენზიას, ასევე Groq-ის ზოგიერთი საკვანძო თანამშრომლის Nvidia-ში გადასვლას, – ამის შესახებ ამერიკული სტარტაპის განცხადებაშია ნათქვამი.
დასავლური მედიის ცნობით, გარიგების ღირებულება შესაძლოა 20 მილიარდ დოლარამდე იყოს, რაც მას Nvidia-ს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გარიგებად აქცევს. Nvidia-ს წინა რეკორდი Mellanox Technologies-ის 7 მილიარდ დოლარად შეძენას წარმოადგენდა 2019 წელს.
Nvidia-სთან გარიგება რამდენიმე თვის შემდეგ დაიდო, რაც Groq-მა 750 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიზიდა დაახლოებით 6.9 მილიარდ დოლარიანი შეფასების პირობებში.
შეთანხმების თანახმად, Groq-ის დამფუძნებელი ჯონათან როსი, Groq-ის პრეზიდენტი სანი მადრა და Groq-ის გუნდის სხვა წევრები შეუერთდებიან Nvidia-ს, რათა დაეხმარონ ლიცენზირებული ტექნოლოგიის განვითარებასა და მასშტაბირებაში.
Groq-ი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გააგრძელებს ფუნქციონირებას, ხოლო მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას საიმონ ედვარდსი დაიკავებს.
Groq 2016 წელს დააარსა ყოფილი ინჟინრების გუნდმა, რომლებიც Google-ის Tensor Processing Unit (TPU)-ის განვითარებაში მონაწილეობდნენ.