რა გზავნილები მიიღო ბიზნესმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა ისაუბრა. მისი თქმით შეხვედრას ესწრებოდა კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი, მათგან უმეტესობა დიდ სასტუმროებს წარმოადგენდნენ, თაბაგარის თქმით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაის-ივნისში ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ჯავშნები. 

„სასტუმროების წარმომადგენლებმა გააჟღერეს, რომ მაის-ივნისში მიყოლებით ხდება დიდი ჯავშნების გაუქმება, სახელმწიფოს მხრიდან გაისმა ის, რომ წინა თვეები იყო კარგი, რასაც კამათი მოყვა, იმიტომ რომ საუბარი არის  უახლოეს თვეებზე და არა იმაზე, თუ როგორ დაიწყო წელიწადი. ამაზე პასუხი არ ჰქონდათ, ვერ ექნებათ ამაზე პასუხი, რადგან ჯავშნების გაუქმება მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება და მოვლენები არ არის მშვიდობიანი დემონსტრაცია, მოვლენები არის ის, რომ კანონის შემოღების უკვე შეეშინდათ, ასევე შეეშინდათ არეულობის და  დაუცველობის იმ ტურისტებს და კონფერენციებს, რაზეც  ეს სასტუმროების საუბრობენ“ - აღნიშნა ია თაბაგარმა.

თაბაგარის განცხადებით, შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ იქ მყოფ ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლებს შეექმნათ პეტიცია კანონის უკან გაწვევის მოთხოვნით, რაზეც თაბაგარის თქმით პასუხი ვერ მიიღეს.

„ასევე იყო თხოვნა, რომ შედგეს მრჩეველთა საბჭო კერძო სექტორთან ერთად, რომელიც ოდესღაც არსებობდა და ბოლო რვა წელია ამას კერძო სექტორი იხვეწება, მაგრამ აბსოლუტურად იგნორირებული იყო წლების განმავლობაში, ახლა  თვითონ თქვეს, რომ ამაზე დალაპარაკება შესაძლებელია.

ასევე კანონი ტურიზმის შესახებ, რომელიც 3 წელი იწერებოდა და მზადდება, რომელშიც ჩვენ ინტენსიურად ვიყავით ჩართულები, აღმოჩნდა რომ არ გაითვალისწინეს ის, რისი ჩამატებაც მოვითხოვეთ, აღარც  მრჩეველთა საბჭო არის, ამიტომ ისე დავიშალეთ, რომ საბოლოო ჯამში არ შედგა არანაირი მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ია თაბაგარმა.

თაბაგარის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქონების გადასახადის გადახდას, რომელიც კერძო სექტორს ძალიან მალე მოუწევს და დიდი სასტუმროების მხრიდან დასახელდა საკმაოდ დიდი თანხები. 

„იყო საუბარი, რომ შესაძლოა ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდეს რაღაც გადავადება, თუმცა ამაზე პასუხი არავის გაუცია, არც პასუხისმგებლობა აუღია ვინმეს, რისკები როგორ უნდა  დაიძლიოს, ამაზე პასუხი არავის არ ჰქონდა, შეხვედრა იყო შეხვედრისთვის, რომ ეთქვათ, რომ კარგად შეხვდნენ ბიზნეს სექტორს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა და ძალიან ბევრი საყვედური და  შენიშვნა მიიღეს“ - აღნიშნა ია თაბაგარმა. 

თაბაგარის თქმით, ბიზნესის დასამშვიდებლად გაკეთდა განცხადება ქონების გადასახადის შესაძლო გადავადებასთან, თუმცა მისი მოლოდინები რთული და მძიმეა.

„ტურისტული და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის  გარემო არ არის მომგებიანი ჩვენ ქვეყანაში და არანაირი ტურიზმის შესახებ კანონი ამას  არ იცავს, ამიტომ ჩემი პირადი მოლოდინები არის რთული და მძიმე. 

ქონების გადასახადის ნაწილში, არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რაღაც დათმობაზე წავიდეს , იმისთვის რომ შემდეგ სათქმელი ჰქონდეთ, რომ თანამშრომლობენ ბიზნესთან, ოღონდ კერძო სექტორს მოგვიწევს ზარალის დამტკიცება, რაც ძალიან რთულია. ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ  ჯავშნები მხოლოდ მეილის მოწერით უქმდება, რამდენად მიღებს ამას ფინანსთა სამინისტრო არ ვიცით. სექტორმა სერიოზული დანაკარგები განიცადა. ამ კანონით ბიზნესი არის დაუცველი და ამ კანონის მიხედვით ის ადამიანები ვინც ტურიზმის ბიზნესში მუშაობენ არიან დაუცველები. კანონში უნდა ჩაწერილიყო, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები ინტენსიურად იმუშავებდნენ სახელმწიფოსთან, ბიზნესს  ყველა ხელისუფლებასთან ყოველთვის ერთი და იგივე პრობლემა აქვს, ბიზნესი უნდა იყოს დამოუკიდებელი და სახელმწიფო ბოლომდე არასდროს არ აღიარებს ტურიზმს ბიზნესად. არ შეიძლება სახელმწიფო ჩინოვნიკები კარნახობდნენ ბიზნესს რა აკეთოს.

შეხვედრისას  ვიცე პრემიერმაც და მისმა  მოადგილემაც  აღნიშნეს, რომ ქვეყანას გეზი არ შეუცვლია, თუმცა რეალურად გეზი არის შეცვლილი. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მარკეტინგულ კამპანიებს ევროპის მიმართულებით, თუმცა შეხვედრაზე არ მომხდარა იმის აღიარება, რაც რეალობაში ხდება,“ - აღნიშნა ია თაბაგარმა.