საირმე ბაღდათში, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში მდებარეობს. ეს ერთადერთი კურორტია, სადაც 5 სხვადასხვა ტიპის სამკურნალო თვისების სასმელი მინერალური და 1 თერმული მინერალური წყარო ამოედინება. 

ლეგენდის მიხედვით, წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ, რის გამოც ამ ადგილს საირმე უწოდეს.

ირმების წყაროდან დაახლოებით 5 კმ-ის მოშორებით, მწყემსებმა  კიდევ ერთი უცნაური ადგილი შეამჩნიეს, სადაც ბალახი მუდამ მწვანე იყო, თოვლი სწრაფად დნებოდა, ხოლო წვიმის შემდეგ მიწა რამდენიმე წუთში შრებოდა. როგორც გაირკვა, ამ საოცრების მიზეზი  თერმული აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური მინერალური წყალი იყო, რომელიც 1920-იან წლებში  გეოლოგებმა აღმოაჩინეს, ადგილს კი უდაბნო დაარქვეს.

საირმის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები XIX საუკუნის 90-იან წლების წყაროებში გვხვდება. მინერალური წყლების მეცნიერული შესწავლის პირველი მცდელობა კი ექიმ კელენჯერაძის სახელს უკავშირდება. 1912 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა გაბრიელ კელენჯერაძემ საირმეში აღებული ნიმუშები პეტერბურგში წაიღო გამოსაკვლევად. აღმოჩნდა, რომ წყალი, სამკურნალო თვისებებით, იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმულ სხვა მინერალურ წყლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

XX საუკუნის 30-იან წლებში, საირმეს ოფიციალურად მიენიჭა კურორტის სტატუსი. ამ პერიოდში, აშენდა სანატორიუმები, დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვა და გაკეთდა საავტომობილო გზა, რომლითაც კურორტი ბაღდათს დაუკავშირდა. 1945 წელს კი საირმის წყლის ქარხნული წესით ჩამოსხმაც დაიწყო.

სამკურნალო ფაქტორია „ნარზანის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი და „ბორჯომის“ ტიპის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი მინერალური წყალი „საირმე“.

საირმეში არის სანატორიუმი, დასასვენებელი და საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი - მაისი-ნოემბერი. საირმეს საშუალება აქვს ყოველწლიურად მიიღოს 150 000 დამსვენებელი. კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკავშირდება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს. საირმესთან ახლოს მდებარეობს შედარებით მცირე საკურორტო ადგილი ზეკარი.