„გვიწევს ფასების შეკავება, რადგან კონკურენციას გავუძლოთ; კონკურენციას არა მარტო ერთმანეთთან, არამედ რეგიონების ქვეყნებთანაც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი აცხადებს.

როგორც მანვე აღნიშნა, წელს განსაკუთრებით ლოიალური ფასებით არის წარმოდგენილი ბაზარზე რუმინეთი, თურქეთი და ბულგარეთი. ჰოტელიერის თქმით, საქართველოში არსებულ სასტუმროებს უწევთ ფასების „შეკავება“, რადგან ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურენციის პირობებში თავის გატანა შეძლონ.

„ჯგუფებზე მიცემული გვაქვს წინასწარ ჯავშნის ფასები და ამას ვერ ვცვლით, მაგრამ ინდივიდუალური ჯავშნების შემთხვევაში მოთხოვნის შესაბამისად რეგულირდება ფასები. როდესაც მოთხოვნა დაბალია, რა თქმა უნდა, ფასის კლება გვიწევს და როდესაც მომართვიანობა მაღალია, ვცდილობთ, რომ წინა პერიოდი ამოვანაზღაუროთ. მოთხოვნის მატებასთან ერთად, ფასიც იზრდება, მაგრამ ეს დროებითი იარაღია... საუბარი არ არის კარგ მოგებაზე გასვლაზე, ხშირად მთელი წლის ხარჯების გადასაფარად ვიყენებთ იმ პერიოდს, როცა კარგი შემოსავლები გვაქვს.

გვიწევს ფასების შეკავება, რადგან კონკურენციას გავუძლოთ; კონკურენციას არა მარტო ერთმანეთთან, არამედ რეგიონების ქვეყნებთანაც. საკმაოდ კარგი ფასებით გამოდის ახლა ბაზარზე ბულგარეთი, რომელსაც არაჩვეულებრივი ზღვის და მთის კურორტები აქვს; ასევე, თურქეთი და რუმინეთი. რუმინეთმა წელს მძლავრი ტურისტული ნაკადები მიიღო და შედარებით ლოიალური ფასებით შემოვიდა ბაზარზე. ერთმანეთთან და საერთაშორისო კონკურენციის ფონზე გვიწევს თავის გატანა. აქედან გამომდინარე, გვიწევს ფასების მოთხოვნის და არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით დარეგულირება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მაია მურაჩაშვილმა.

წყარო: www.bpn.ge