"საქართველოში ევროპელი ტურისტების სეგმენტი აზიურმა ბაზარმა ჩაანაცვლა," - ტურიზმის ინდუსტრიას ახალ რეალობაში უწევს მუშაობა, რომლისთვისაც ბოლომდე ბაზარი მზად არ არის.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აზიელი ტურისტები ევროპელებისგან განსხვავებით მოგზაურობას მცირე დროში გეგმავენ და სპეციფიკური მოთხოვნები აქვთ, რომლის დაკმაყოფილებაც ბაზარზე სერვისების ნაკლებობის გამო ხშირად ჭირს.

საქართველომ სწორება რაოდენობაზე კი არა ხარისხზე უნდა გააკეთოს, ამბობს Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია.

მისი თქმით, მაღალმხარჯველი ევროპელი სტუმრების ვიზიტების მიზანი საქმიანი იყო, რაც დღეს შემცირებულია. ჩეხერიას შეფასებით, როცა ბაზარზე მაღალი ხარისხის სერვისზე მოთხოვნა იკლებს, ეს სერვისზეც მოქმედებს.

“მთელი მსოფლიო მას შემდეგ რაც მთელმა მსოფლიომ აქტიურად დაიწყო მოგზაურობა, ცდილობს რომ არჩევანი გააკეთოს ხარისხსა და რაოდენობას შორის. არჩევანი ხარისხზე კეთდება და არა მასიურ ტურიზმზე, ხარისხიანი ტურისტი მეტსაც ხარჯავს, ინფრასტრუქტურის ნაკლები ცვეთა გაქვს, ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანაც.

ამას ქმნიდა საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნეს მოგზაური, ძალიან ბევრი კონფერენცია ტარდებოდა და ჩამოდიოდნენ საქმიანი მოგზაურები, განსაკუთრებით გაზაფხულზე. გადავსებული იყო ყველა საკონფერენციო დარბაზი, ყველა რეგიონალური სასტუმრო, ეს სეგმენტი აღარ გვყავს, დაგვაკლდა.

მოგზაურსაც შესაბამისი პროდუქტი არ ხვდება, რესტორნებსაც თუ არ ჰყავს ხარისხიანი ტურისტი აღარ ცდილობს, რომ ზედმეტად დაიხარჯოს, კარგი სერვისისთვის ტრენინგები ატაროს. ეს უკვე ჯაჭვური რეაქციაა. პირდაპირი ფრენები და სეგმენტურად სწორი გათვლა აუცილებელია, ასევე მნიშვნელოვანია ახსნა რომელიც ქვეყნებიდან ველოდებით ტურისტულ ნაკადებს რომ ბიზნესი მზად დახვდეს, ახალი პროდუქტები და სერვისი დაახვედროს,” - აცხადებს Salt Projects-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვალერი ჩეხერია.

bm.ge