როცა შვედმა მწარმოებელმა პირველად მსოფლიოს 1959 წელს სამპუნქტიანი უსაფრთხოების ღვედი წარუდგინა, სამუდამოდ შეიცვალა მანქანის მართვის გამოცდილება. ახლა კი ბრენდი წესებს ჭკვიანი დამჭერი სისტემით ცვლის, რომელიც მოძრაობის  მიხედვით ადაპტირდება. მოკლედ, Volvo-მ ავტომობილის ერთ-ერთ უძველეს უსაფრთხოების ელემენტს ჭკვიანი ფუნქციები შესძინა. პირველად კი მას EX60-ის მანქანაში ვიხილავთ…

უსაფრთხოების ღვედი სენსორებს და რეალურ დროში მიღებულ მონაცემებს იყენებს, რათა მომენტალურად დაარეგულიროს მისი დაჭიმვის დონე და თითოეული მგზავრი საჭიროების მიხედვით დაიცვას.

სტანდარტული სამსაფეხურიანი დამცავი სისტემისგან განსხვავებით, ახალი სისტემა რეალურ დროში მიღებული სენსორული მონაცემების გამოყენებით ადგენს პერსონალიზებულ მოჭიმვის დონეს მგზავრის ზომის, პოზის თუ შეჯახების ხასიათის მიხედვით. უფრო ზუსტად, ღვედი ავტომობილის შიდა და გარე სენსორების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას იყენებს და მათ ინტერპრეტაციას მილიწამებში ახდენს, იქნება ეს სხეულის პოზა თუ დაჯახების მიმართულება. 

მიღებული მონაცემების საფუძველზე კი ღვედი 11 პროფილიდან ერთ-ერთს ირჩევს და მგზავრის საჭიროებებსა თუ ავარიის სიმძიმეს შეუსაბამებს. შესაბამისად, თუ ზრდასრული ადამიანი მაღალი სიჩქარით შეეჯახება რაიმეს, ღვედი უფრო მეტად დაიჭერს, რათა თავის ტრავმების მიღების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანოს. ხოლო, თუ მძღოლი უფრო პატარაა და შეჯახებაც მსუბუქია, ნელა მოქაჩავს, რათა გულმკერდის ტრავმების რისკი შეამციროს. სწორედ ამ დონის პერსონალიზაციის გამო სწამს ვოლვოს, რომ ავარიის დროს გადარჩენილთა მაჩვენებლებს მკვეთრად გააუმჯობესებს.

მსგავსი კონფიგურაცია უსაფრთხოების ღვედს პასიურიდან პროაქტიულ ელემენტად აქცევს. Volvo კი დროთა განმავლობაში მის გაუმჯობესებას გვპირდება. EX60-ის შემაკავებელი სისტემა კიდევ უფრო ჭკვიანი გახდება, ამას კი ვოლვოს ავარიების მონაცემთა არქივზე დაყრდნობით გააკეთებენ. რეალური უკუკავშირის გათვალისწინებით უსაფრთხოების ალგორითმიც განვითარდება და მომხმარებლებს დაცვის უფრო მაღალ დონეს შესთავაზებს. 

აღსანიშნავია, რომ ღვედი EX60-ის უსაფრთხოების ბალიშებთან და მძღოლის დამხმარე სისტემებთან ერთად იმუშავებს, რაც შედეგად კოორდინირებულ უსაფრთხოების პასუხს მოგვცემს. ამასთან, ღვედის სისტემა ამოცნობისა და ავარიების გაფრთხილების ფუნქციებთან ერთად იმოქმედებს. ამგვარად კი, იგი უფრო ფართო ინტეგრირებული სისტემის ნაწილად მოგვევლინება, სავარაუდოდ, 2026 წლის დასაწყისში.

როგორც ვოლვოში ამბობენ, ამ ინოვაციურ ღვედს წინ ათწლეულების კვლევა უძღვის. შედეგად, კი ბრენდისთვის უსაფრთხოება აღარ არის უნივერსალური, პერსონალიზებულია და თანაბრად ზრუნავს ყველა მგზავრზე…

წყარო: marketer.ge