GITA-ს გრანტის ფარგლებში მიღებულ ყოველ 1 ლარზე სტარტაპ კურსი.ჯისთან მიმართებით ეკონომიკურმა ეფექტმა დაახლოებით 2,300 ლარი შეადგინა - აღნიშნა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. როგორც GITA-ს თავმჯდომარე განმარტავს, 800 მილიონ ლარს აღემატება უკვე სტარტაპების მიერ დაგენერირებული კერძო კაპიტალი.

„ქვეყანაში უკვე გაქვს GITA-ს ძალიან წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემა. ზოგადად თავს ვიკავებთ ხოლმე კონკრეტული სტარტაპების ჩამოთვლით, განსაკუთრებით როდესაც ვსაუბრობთ შემოსავლებზე, ინვესტიციებზე, იმიტომ რომ ეს არის კონფიდენციალური. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ 800 მილიონს აღემატება უკვე სტარტაპების მიერ დაგენერირებული კერძო კაპიტალი, რაც არის უდიდესი  ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, თუმცა თვითონ სხვა კუთხის ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მაგალითად მინდა გამოვყო kursi.ge, რომელიც ჩვენს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პლატფორმაა, რომელმაც უკვე 350 მილიონი ლარი დაუზოგა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ანუ ვალუტის გადახურდავება 350 მილიონზე ნაკლები დაუჯდათ, ვიდრე მათ დაუჯდებოდათ ეს ქართული სტარტაპი, საქართველოში რომ  არ ფუნქციონირებდეს.

ანუ GITA-ს გრანტის ფარგლებში მიღებულ ყოველ 1 ლარზე სტარტაპ კურსი.ჯისთან მიმართებით ეკონომიკურმა ეფექტმა დაახლოებით 2,300 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ GITA-ს მიერ დაფინანსებულ სტარტეპებზე საუბრისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში ფაგების წარმოებას, რომელიც ასევე GITA-ს მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი სტარტაპია.

„მინდა ფაგების მიმართულება გამოვყო, „ბიოქიმფარმი“ სრულიად ინოვაციურ ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნის, რომელიც ანტიბიოტიკების ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს მთელ მსოფლიოში და უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის პროდუქტს. ფაგები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის  უკვე ძალიან ნაცნობი თემაა იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია საქართველოს ბაზარზეა. ასევე მინდა აღვნიშნო CityPay.io, რომელიც ფინანსურ ტექნოლოგიებში არის ძალიან წარმატებული, ასევე „კარგონი“ ლოგისტიკაში. როგორც მოგეხსენებათ, „შუა დერეფანს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი როლი კიდევ უფრო იზრდება. ინოვაციები და ტექნოლოგიები სულ უფრო აჩქარებს ამ პროცესს, რაც სფეროს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ლოგისტიკაში დანერგილი ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენი ქვეყნის შიდა ეკონომიკაში ბრუნვა უკვე რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ქვეყნის ეკოსისტემას და ეკონომიკა შესაბამის სარგებელს იღებს.

„ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემას. ზოგადად, არსებობს არასწორი აღქმა, თითქოს ქართული სტარტაპები პროდუქტს მხოლოდ სხვა ქვეყნებისთვის ქმნიან და მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გადიან და ამით საქართველოს რა? აქ არის კონკრეტულად სტარტაპების მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიიღო“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს