ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN ) ფიზიკოსებმა, ტყვია ოქროდ აქციეს. ცერნის განცხადებით, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით ტყვიის ბირთვების შეჯახებისას, ტყვიის ოქროდ გარდაქმნა ახალი მექანიზმის გამოყენებით გაზომეს.

თუმცა, CERN-მა მაშინვე განმარტა, რომ ზღაპრული ოქროს საგანძურის შექმნა შეუძლებელია. ტყვიის ბირთვების მაღალენრგეტიკულმა შეჯახებამ შეიძლება წარმოქმნას პლაზმა, რომელმაც, სავარაუდოდ, სამყარო „დიდი აფეთქებიდან“ ერთ მემილიონედ წამში შეავსო. სავარაუდოდ, ამან წარმოშვა მატერია იმ სახით, როგორითაც დღეს ის არსებობს.

მაგრამ როდესაც LHC-ის ნაწილაკები, შეჯახების მიზნით, 27-კილომეტრიან ამაჩქარებელ გვირაბში შეჰყავთ, ტყვიის ბირთვები, ხშირად, ერთმანეთს თმის ღერის სისქეზე ჩაუქროლებენ ხოლმე. ბირთვების ინტენსიურმა მაგნიტურმა ველმა შეიძლება მათი შინაგანი სტრუქტურის ვიბრაცია და მცირე რაოდენობით ნეიტრონებისა და პროტონების გამოტყორცნა გამოიწვიოს.

„ოქროს (ბირთვი 79 პროტონით) წარმოსაქმნელად, LHC-ის სხივებში ტყვიის ბირთვიდან სამი პროტონი უნდა მოიხსნას“, - განაცხადა CERN-მა. თუმცა, ოქროს მთლიანი რაოდენობა მაინც ტრილიონჯერ იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, რაც სამკაულის დასამზადებლად არის საჭირო, რითაც ალქიმიკოსებს იმედები გააცრუვდათ. „ოქრო მხოლოდ წამის უმნიშვნელო მონაკვეთში არსებობს“, - აღნიშნა CERN-მა.

„შუა საუკუნეების ალქიმიკოსების ოცნება შესაძლოა ტექნიკურად ახდა, მაგრამ მათი გამდიდრების იმედები კიდევ ერთხელ გაქარწყლდა“, - დასძინა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციამ.

ცერნი თავის აღმოჩენას Physical Review Journals-ში გამოქვეყნებულ სპეციალურ სტატიაში აღწერს. ეს კვლევა 2015 წლიდან, ექსპერიმენტ „ალისას“ ფარგლებში ტარდება.

წყარო: 1tv.ge