TikTok-მა ბრუკლინში მასშტაბური შოუ – TikTok World-ი გამართა. პლატფორმამ მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალი წარუდგინა, რომელიც აშშ-ში მოგზაურობის პირდაპირ აპლიკაციიდან დაჯავშნის საშუალებას იძლევა. ახალი სარეკლამო პროდუქტების წარდგენის გარდა, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემების მოქნილობაზე გამახვილდა ყურადღება. TikTok-ი მარკეტერებს საშუალებას აძლევს, სარეკლამო კამპანიის ნებისმიერ ეტაპზე თავად ჩართონ ან გამორთონ AI-ზე მომუშავე ეფექტური გადაწყვეტილება, სახელად Smart+, რაც მართვის პროცესს ბევრად უფრო პერსონალურს ხდის.
პლატფორმის პროდუქტების მარკეტინგის გლობალურ გუნდში განმარტავენ, რომ პლატფორმების უმეტესობა ბიზნესს მხოლოდ უკიდურესობებს სთავაზობს, ან სრულად ავტომატურად უშვებენ რეკლამას, სადაც ადამიანს კონტროლის მექანიზმი ეკარგება, ან მომხმარებელს უამრავი რთული პანელით ტვირთავენ. TikTok-მა კი ბაზრის უკუკავშირი გაითვალისწინა – დღეს ბიზნესს სჭირდება ავტომატიზაცია, თუმცა აუცილებლად ადამიანური შეხებით.
TikTok-მა საზოგადოებას გააცნო ხედვა აგენტური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პლატფორმა, რომელიც მომავალ თვეში სპეციალური აგენტური ჰაბის გახსნას გეგმავს, ორ ახალ პროდუქტზე ამახვილებს ყურადღებას: TikTok Ads Skills, რომელიც დეველოპერებს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად მზა AI ინფრასტრუქტურას აძლევს, და TikTok Ads Model Context Protocol (MCP) Server. ეს უკანასკნელი ერთგვარი მთარგმნელის როლს ასრულებს და ბრენდის AI აგენტის მოთხოვნებს TikTok-ის მარკეტინგულ API სისტემასთან აკავშირებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ინსტრუმენტი მარკეტერებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ხელოვნური ინტელექტის აგენტები პირდაპირ TikTok-ის სარეკლამო პლატფორმას მიუერთონ.
სპეციალისტების განმარტებით, თუ Skills არის სამშენებლო მასალა, MCP არის გეგმა, რომელიც ამ ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა აგენტებმა შეძლონ მუშაობა, ადაპტაცია და მუდმივი გაუმჯობესება. ეს კავშირები ბრენდებს დაეხმარება კამპანიების დაგეგმვაში, გაშვებასა და ოპტიმიზაციაში ზუსტად ისე, როგორც თავად სურთ.
ტექნოლოგიური სამიტი, რომელიც უკვე მეექვსე წელია იმართება, კომპანიის გაზაფხულის პრეზენტაციების ლოგიკური გაგრძელებაა. თუ წლის დასაწყისში TikTok-ი ძირითადად პლატფორმის სტაბილურობის დემონსტრირებაზე იყო ფოკუსირებული – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ში ბლოკირების მცდელობას Oracle-ისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ერთობლივი საწარმოს შექმნა მოჰყვა – ახლა მთელი ყურადღება ინოვაციებზე გადავიდა. მაგალითად, TopView და TopFeed ახალ შემოქმედებით ფუნქციას იძენენ, რაც ბრენდებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ, თუ როგორ იმუშავებს ეს ორი მიმართულება ტანდემში სიუჟეტის უფრო ღრმად გადმოსაცემად.
კრეატორებთან კოლაბორაცია
კომპანიამ ასევე წარადგინა ორი ახალი სარეკლამო ინსტრუმენტი თავისი ერთობლივი პლატფორმის, TikTok One-ის ფარგლებში. Branded Buzz მარკეტერებს აძლევს შესაძლებლობას, მასშტაბურად ითანამშრომლონ კრეატორებთან და უმოკლეს დროში შექმნან დიდი მოცულობის ვიდეოკონტენტი ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. Search Hubs კი არის სპონსორებთან დაკავშირებული გვერდები, რომლებიც შეიძლება ჩაეშენოს ვიდეოს კომენტარებში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პირდაპირ გადავიდეს იმ ბრენდის საძიებო სივრცეში, რომელიც ვიდეოში ნახა.
როგორც პლატფორმის გლობალურ მენეჯმენტში აცხადებენ, ეს ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საძიებო შედეგების სულ ზედა ნაწილში გამოჩენილი ბრენდირებული გვერდების მეშვეობით ბევრად უფრო ღრმად შეისწავლოს პროდუქტი.
L’Oréal-ის ბრაზილიის ფილიალმა ორივე ეს ფუნქცია სადღესასწაულო კამპანიისას, თავისი პრემიუმ არომატების ხაზის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა. Branded Buzz-ის ფარგლებში შექმნილმა ვიდეოებმა სულ რაღაც ორ კვირაში 42 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. სილამაზის ინდუსტრიის გიგანტმა ეს აუდიტორია პირდაპირ ძიებისკენ მიმართა, რამაც ამ არხზე მომხმარებელთა აქტივობა სამჯერ გაზარდა. გარდა ამისა, TikTok One-ში ინტეგრირდა Creator AI Search ფუნქციაც, რომელიც ავტომატურად აანალიზებს ბრენდებისა და სააგენტოების ბრიფებს, სკანირებს პლატფორმის ტალანტების ბაზას და ეძებს იდეალურ კრეატორებს კოლაბორაციისთვის.
კონტენტი და მისი კონტროლი
სიახლეები ისეთ სპეციფიკურ კატეგორიებსაც შეეხო, როგორებიცაა მოგზაურობა, გართობა და გეიმინგი. TikTok Growth Max არის ახალი პროდუქტი, რომელსაც რეკლამა შეაქვს აპლიკაციის შიდა Mini Games-სა და Mini Series-ში. მინი-სერიალების ფორმატი ეხმიანება მოკლე, ეპიზოდური მიკროდრამების თანამედროვე მარკეტინგულ ტრენდს, რომელიც იდეალურად თავსდება TikTok-ის სქროლინგის მოდელთან, ხოლო მინი-თამაშები ბრენდებისთვის მონეტიზაციის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.
ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც სარეკლამო ინსტრუმენტების TikTok Go-ში ინტეგრირებას მოჰყვა. ეს არის ახალი მიმართულება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, იპოვოს და დაჯავშნოს სასურველი მოგზაურობა პირდაპირ აპლიკაციიდან, სხვა ვებგვერდზე გადასვლის გარეშე. ამ ინიციატივის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი უმსხვილესი ტურისტული პლატფორმა Expedia Group-ია.
მომხმარებლის აპლიკაციის შიგნით შენარჩუნება პრეზენტაციის მთავარი ლაიტმოტივი იყო, რადგან პლატფორმა აქტიურად ცდილობს პოზიციების გამყარებას სოციალური კომერციის მიმართულებით, სადაც მას სულ უფრო მეტი კომპანია უერთდება. როგორც Expedia Group-ის მარკეტინგის მენეჯმენტში აღნიშნავენ, მოგზაურები შთაგონებისთვის ისედაც ხშირად მიმართავენ TikTok-ს, ახალი ფუნქციონალი კი ბუნებრივ გზას აჩენს ინტერესის გაჩენიდან უშუალოდ ტურის დაჯავშნამდე, რაც ინოვაციურად აკავშირებს ადამიანებს მათ საოცნებო მოგზაურობასთან.
წყარო: Socialmediatoday