“R&D ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოში“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანსაც ქვეყანაში კვლევისა და განვითარების საქმიანობის გაძლიერებისთვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ბიზნეს საზოგადოების მეტი ინფორმირება წარმოადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სტატუსების - ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის (ინოვაციური SME) და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის (R&D კომპანია) შესახებ.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე აღნიშნა, კვლევისა და განვითარების (R&D) ეკოსისტემის გაძლიერება საქართველოსთვის მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტი არ არის — ეს არის ქვეყნის სტრატეგიული გზა ცოდნაზე დაფუძნებული, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისკენ.

“ახალი საგადასახადო და საგრანტო მექანიზმებით ჩვენ ვქმნით რეალურ სტიმულს კერძო სექტორისთვის, რათა მეტი ინვესტიცია განახორციელონ ინოვაციაში, შექმნან მაღალი ღირებულების პროდუქტები და გააძლიერონ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაზრდის R&D აქტივობას და დააჩქარებს საქართველოს გარდაქმნას რეგიონულ ინოვაციის ჰაბად,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ხელშემწყობი მექანიზმების ანალიზი აჩვენებს, რომ R&D-ში განხორციელებულ თითოეულ ერთეულ ინვესტიციაზე კომპანიები შეძლებენ დაახლოებით 0.45 ერთეულით შეიმცირონ მოგების გადასახადის მოცულობა, რაც კიდევ უფრო ზრდის ინვესტიციების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს