სწრაფ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ორგანიზაციების წარმატება მხოლოდ სტრატეგიასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე აღარ არის დამოკიდებული. მთავარი როლი აქ ადამიანებსა და მათ ემოციურ ინტელექტს აკისრიათ, რაც თვითრეგულირების, მოტივირების, ემპათიის, საკუთარი თავის გაცნობიერებისა და სოციალურ უნარებს მოიცავს. სწორედ ეს ფაქტორები ეხმარება მათ სოციალური სირთულეების დაძლევაში, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რასაც სამსახურში ძლიერ თანამშრომლობამდე მივყავართ.
ემოციური ინტელექტი კოგნიტიურ ინტელექტსაც უჭერს მხარს, გუნდის წევრებს ერთად შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს. ასე ნდობაც ყალიბდება და შედეგებიც ეფექტურია. თუმცა ზოგადად საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ახლა ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ იმ 5 საკითხზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც გუნდის შედეგებზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს:
გაუმჯობესებული კომუნიკაცია
ეფექტური კომუნიკაციის გარეშე გუნდებს ძალიან გაუჭირდებათ… ემოციური ინტელექტი კი მათ ეხმარება მკაფიო, ღია კომუნიკაციაში, განსხვავებულ იდეებზე მუშაობაში მრავალ წევრთან ერთად ისე, რომ არც არეულობა და არც კონფლიქტი მოხდეს. ასე კი აღარც მისინფორმაციებს აქვს გუნდში ადგილი. თითოეული წევრი თავისუფლად აზიარებს იდეებს იმის შიშის გარეშე, რომ განსჯიან ან ვერ გაუგებენ. ამგვარად, ემოციური ინტელექტი სამსახურში ფსიქოლოგიური უსაფრთხოების კატალიზატორად გვევლინება.
გაზრდილი ნდობა
გუნდები საუკეთესოდ მაშინ მუშაობენ, როცა მისი წევრები ერთმანეთთან ახლოს არიან. ეს მათ სიამაყეს უჩენს, რადგან ამ გუნდის ნაწილი არიან. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ, წევრები მხარს უჭერენ და აძლიერებენ ერთმანეთის უნარებსა და შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემას გვაძლევს შედეგად — „ემოციების გამოხატვას სწორ ადგილსა და დროს, სხვების დახმარებას, გამოხატონ საკუთარი თავი, ავთენტურ, სანდო კომუნიკაციებამდე და გუნდურობამდე მივყავართ“.
გაზრდილი ჩართულობა და მოტივაცია
ემოციური ინტელექტი უმნიშვნელოვანესია გუნდის წევრებისთვის, რადგან ეს მათ ურთიერთდამოკიდებულს ხდის. როცა გუნდის წევრები ამაყობენ მიღწეული შედეგებით, მეტი სტიმული აქვთ, აჯობონ მიღწეულ შედეგს. ეს კი გუნდის რწმენაზე მიგვითითებს, რომ მათ აქვთ გამოწვევების გადალახვის უნარი. ამგვარად, ჩართულობაც მაღალია და მოტივაციაც.
კონფლიქტის თავიდან არიდება
განსხვავებული შეხედულებებისა და პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდებში კონფლიქტებიც განუყოფელი ნაწილია ხოლმე. თუმცა, თუ ეს წევრები მაღალი ემოციური ინტელექტით გამოირჩევიან, უკეთ არიან აღჭურვილნი, რომ ეგოთი განპირობებულ საკითხებს დაუპირისპირდნენ და გამოსავალიც იპოვონ.
ეს გამჭვირვალობას, ღია დიალოგსა და გამოსავალზე ფოკუსირებას მოითხოვს ისე, რომ მხოლოდ პერსონალურ ძლიერ მხარეებზე არ ვიყოთ ფოკუსირებულნი. თუ გუნდში ყველამ იცის, როგორ მოუსმინონ, ემპათიაც ექნებათ და პატივისცემაც იმ ხედვის მიმართ, რომელიც მათგან განსხვავდება. იციან კიდეც, როგორ აგრძნობინონ გუნდის სხვა წევრებს, რომ მათ უსმენენ და პატივს სცემენ. მაშინაც კი, როცა მათ იდეებს არ ახორციელებენ…
ამასთან, ემოციური ინტელექტის მქონე გუნდები პრობლემებს თავს არიდებენ, ერთმანეთისადმი პატივისცემას გამოხატავენ, რითაც ძლიერდება რწმენა, რომ მათ უთანხმოებების დადებითად მოგვარება შეუძლიათ.
გაუმჯობესებული მდგრადობისა და ადაპტირების უნარი
სწრაფად ცვლად სამუშაო გარემოში, ადაპტაციისა და მოქნილობის უნარი გადამწყვეტია წარმატებისთვის — „სტრესულ სიტუაციებში ეფექტური პასუხები გუნდის წევრებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთთან პროდუქტიულად დაამყარონ ურთიერთობა“.
გუნდები, რომლებიც მაღალი ემოციური ინტელექტით გამოირჩევიან, თავდაჯერებულნიც არიან იმაში, რომ სწრაფად ადაპტირება და ცვლილება შეუძლიათ ახალი გარემოებების საპასუხოდ. პერსონალურ საკითხებსაც უმკლავდებიან და ეგოსაც, რაც გუნდის შედეგებს აზიანებს. დისფუნქციური გუნდების მსგავსად, ერთმანეთს კი არ ეჯიბრებიან, არამედ იციან, როგორ მიიღონ ერთმანეთისგან მაქსიმუმი, რათა საუკეთესოდ ითანამშრომლონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.