2026 წლის 1 იანვრიდან მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის სივრცეში როუმინგის ხარჯისგან გათავისუფლდებიან.
შესაბამისი შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები ისეთივე ხარისხისა და სიჩქარის მობილური მომსახურებით ისარგებლებენ მოგზაურობისას, როგორიც თავიანთ ქვეყნებში აქვთ.გაზიარება
ევროპულმა საბჭომ 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 1 იანვრიდან მოლდოვის ე.წ. “ჩაერთე ისე, როგორც სახლში სივრცესთან“ („Roam like at home area”) მიერთებაზე.
მსგავსი გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ ევროპულმა საბჭომ 14 ივლისს მიიღო. შედეგად, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები კი მოლდოვასა და უკრაინაში მობილური კავშირის სერვისებით ისარგებლებენ დამატებითი ხარჯების გარეშე - ისე, როგორც ამას თავიანთ ქვეყნებში აკეთებენ.
შესაბამისი შეთანხმება უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებლები ისეთივე ხარისხისა და სიჩქარის მობილური მომსახურებით ისარგებლებენ მოგზაურობისას, როგორიც თავიანთ ქვეყნებში აქვთ.
მოლდოვაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, რაც 2016 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მიზანია. 2024 წლის შეთანხმებით მოლდოვის მოქალაქეები და ბიზნესები უკვე სარგებლობენ როუმინგის დაბალი ფასებით.
უკრაინას რაც შეეხება, ევროკავშირისა და უკრაინის სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შორის 2022 წელს გაფორმებული შეთანხმებით, ევროკავშირისა და უკრაინის მოქალაქეები ასევე სარგებლობენ დაბალფასიანი მობილური კომუნიკაციით. ეს შეთანხმება ძალაში იქნება 2025 წლის ბოლომდე.
2026 წლის 1 იანვრიდან კი უკრაინაცა და მოლდოვაც ევროკავშირის სივრცეში გათავისუფლდებიან როუმინგის მომსახურების ხარჯისგან.