უკრაინა არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას იღებს, არამედ ის სრულფასოვნად მონაწილეობს იარაღის ერთობლივ წარმოებაში. ფრონტზე გამოყენებული დრონების 95% ადგილობრივი წარმოებისაა.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის ცნობით, ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რამშტაინის ფორმატში 21 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში 20 მილიარდ გრივნაზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. დღეის მდგომარეობით, ფრონტის ხაზის საჭიროებების დაახლოებით 40 პროცენტი ადგილობრივი წარმოებით იფარება.
„ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ მიმღები მხარე, ჩვენ გავხდით ერთობლივი წარმოების სრულფასოვანი მონაწილე“, - ხაზგასმით აღნიშნა უმეროვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ფრონტზე გამოყენებული დრონების 95% უკრაინული წარმოებისაა.
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს, უმეროვმა თქვა, რომ უკრაინა ზრდის საკუთარი დრონების წარმოების შესაძლებლობებს. დღეს უკრაინელმა მწარმოებლებმა მიაღწიეს დონეს, რომელიც მათ წელიწადში 4 მილიონზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის დამზადების საშუალებას აძლევს.
მოგვიანებით, 3 ივლისს, მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას, სათანადო დაფინანსების შემთხვევაში, წელიწადში 10 მილიონამდე დრონის წარმოება შეუძლია.
იარაღის წარმოება უკრაინაში
31 იანვარს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები ექვსჯერ გაიზარდა. დრონების სეგმენტში, სამამულო პროდუქციის წილი 96%-ზე მეტია. მთლიანობაში, თავდაცვის სექტორში 800-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო კომპანია ოპერირებს. გამოყენების ნებართვა მიღებული აქვს ათასზე მეტ იარაღისა და აღჭურვილობის ნიმუშს, რომელთა ნახევარი უკრაინაშია წარმოებული.
21 თებერვალს შმიგალმა განაცხადა, რომ 2023 და 2024 წლებში უკრაინაში არტილერიის წარმოება გასამმაგდა, ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება კი შესაბამისად, 5-ჯერ, 2-ჯერ და 2.5-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება დრონებს, მისივე თქმით, ამ წლის იანვარში მათი წარმოება, 2024 წლის იანვართან შედარებით, 10-ჯერ გაიზარდა.
წყარო: 1 არხი