კვირას, 27 ივლისს, თურქეთში ტყის ხანძარი ქვეყანაში სიდიდით მეოთხე ქალაქს მიუახლოვდა, რის გამოც ასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
ღამით ქალაქ ბურსის გარშემო მდებარე ტყეებით დაფარულ მთებში ხანძარი სწრაფი ტემპით გავრცელდა და ქალაქის აღმოსავლეთით გარეუბნებს მიუახლოვდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება მოახლოებული ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც.
ბურსის პროვინციის გუბერნატორის უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სოფლებიდან 1 765 ადამიანის ევაკუაცია უსაფრთხოდ მოხდა. განცხადების მიხედვით, ამ დროისთვის ტყის ხანძრებს 1 100-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.
ამასთან, ხანძრის შედეგად გადაკეტილია ბურსა-ანკარას დამაკავშირებელი გზატკეცილი. ივნისიდან მოყოლებული თურქეთში ათეულობით ტყის ხანძარი გაჩნდა. მეტყევეობის მინისტრმა, იბჰრაიმ იუმაკლიმ განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის მეხანძრეები ქვეყნის მასშტაბით ხანძრის 76 ცალკეულ კერას ებრძოდნენ.
მეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს მიხედვით, თურქეთის შირნაქის პროვინციაში 25 ივლისს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 50.5°C იყო. სააგენტოს ცნობით, ივლისის თვისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქვეყნის 132 სხვა ლოკაციაზეც აღრიცხეს.
ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 მოხალისე მაშველი და ტყეში მომუშავე პირი ხანძარს ესქიშეჰირის პროვინციაში ემსხვერპლა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა 26 ივლისს განაცხადა, რომ პროკურორებმა 26 ივნისიდან მოყოლებული ქვეყნის 33 პროვინციაში ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიებები დაიწყეს. მან დაამატა, რომ სამართლებრივი პროცედურა 97 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაიწყო.
თურქეთში სიცხის ახალი რეკორდი 50.5 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, მეტეოროლოგებმა ძლიერი სიცხე ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სილიპიში დააფიქსირეს, რომელიც ერაყს ესაზღვრება.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსით მაღალია სეზონისთვის დამახასიათებელი საშუალო მონაცემებთან შედარებით.
გაზრდილია მიმართვიანობა საავადმყოფოებშიც გაუწყლოვნებისა და დასიცხვის სიმპტომებით.