მიკროპლასტმასა ადამიანების სისხლსა და ტვინში აღმოაჩინეს, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ამან კაცობრიობა შიმშილობის საფრთხის წინაშეც შეიძლება, დააყენოს… აღნიშნულმა საკითხებმა კი გადაუდებელი ქმედებების საჭიროება წარმოშვა. გამოსავალს ზოგიერთი არსებული ნარჩენების გადამუშავებაში ხედავს, ზოგიც კი სრულიად ახალი მასალის შექმნაში. ამ უკანასკნელ ჯგუფს მიეკუთვნება RIKEN Center for Emergent Matter Science-ის (CEMS) მკვლევრებიც, რომლებმაც University of Tokyo-სა და Eindhoven University of Technology-ისთან ერთად, სრულად ბიოდეგრადირებადი პლასტმასა შეიმუშავეს.
მეცნიერებმა პოლიმერებს ჰექსამეტაფოსფატი შეურიეს, რომელიც ჩვეულებრივ საკვებ დანამატად გამოიყენება, და მას გუანიდინის იონზე დაფუძნებული მონომერებიც დაამატეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბაქტერიებს ამ მასალების დაშლა შეუძლია, მასალაც ჩვეულებრივ დეგრადირდება.
თუ პრაქტიკაში გამოვცდით, ვნახავთ, რომ საზიანო მიკროპლასტმასა ოკეანეებს ვეღარ დააზიანებს და, შესაბამისად, ვერც კვების ჯაჭვში შექმნის შეფერხებებს. თანაც, ახლად შემუშავებული პლასტმასა ნიადაგში 10 დღეში იშლება და სასუქის ფუნქციასაც ითავსებს. მეტიც, ჩვეულებრივი პლასტმასივით გამძლე და მოქნილია, 120 გრადუსამდე ტემპერატურას უმკლავდება და გარემოსთვისაც უსაფრთხოა — კვების სექტორშიც გამოვიყენებთ, იქნება ეს წყლის ბოთლები, საჭმლის კონტეინერები თუ სხვა.
ეს ინოვაციური პლასტმასა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პლასტმასით დაბინძურებასთან გასამკლავებლად. ბიოდეგრადირებადიცაა და გამძლეც, რითაც ტრადიციული პლასტმასის ალტერნატივად გამოდგება. მართალია, სანამ ყოველდღიურად მოხმარებას დავიწყებთ, ჯერ კიდევ მრავალი კვლევა უნდა ჩატარდეს, მაგრამ მიღებული შედეგი უკვე დამაიმედებელია.
წყარო: marketer.ge