ერთ დღეს შენმა სოციალურმა გვერდმა შესაძლოა შენზე დიდხანს „იცოცხლოს“ – და არა მხოლოდ არქივის სახით. Meta-ს ახლად გამოქვეყნებული პატენტი აღწერს ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მიბაძოს ადამიანის პოსტებსა და რეაქციებს და მისი ანგარიშის აქტივობა შეინარჩუნოს.

Meta-ს ეს პატენტი მიენიჭა AI-ზე დაფუძნებული სისტემისთვის, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის ქცევის სიმულაცია სოციალურ პლატფორმებზე ხანგრძლივი პაუზის ან გარდაცვალების შემდეგ. დოკუმენტი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღწერს მეთოდს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პოსტების, კომენტარების, მოწონებებისა და პასუხების გენერირება მომხმარებლის წარსული აქტივობის საფუძველზე. კონცეფცია ვრცელდება ისეთ არხებზე, როგორიცაა Facebook, Instagram და WhatsApp.

პატენტის მიხედვით, ციფრული „დუბლიკატი“ იქმნება მომხმარებლის წინა პოსტების, ჩართულობის შაბლონებისა და წერის სტილის ანალიზის გზით. დიდი ენობრივი მოდელი (LLM) შემდეგ ქმნის ახალ აქტივობას, რომელიც ამ პროფილს შეესაბამება, რაც ანგარიშს აძლევს შესაძლებლობას, განაგრძოს სხვებთან ურთიერთქმედება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სისტემა შეძლებს სოციალური ქცევის „სიმულაციას“, რათა ანგარიში კვლავ აქტიური და რეაგირებადი ჩანდეს, მაშინაც კი, თუ ადამიანი თავად აღარ მართავს მას.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის შემდგომ ვირტუალური აქტივობის გაგრძელება ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს, განაცხადში ტექნოლოგია წარმოდგენილია, როგორც გამოსადეგი უფრო ნაკლებად დრამატულ შემთხვევებშიც, მაგალითად, ხანგრძლივი ოფლაინპერიოდის დროს. იგივე სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როცა ადამიანი მოგზაურობს, ავად არის ან უბრალოდ სურს სოციალური ქსელებიდან დროებით დასვენება. ასევე განხილულია შესაძლო მომავალი გაფართოებები, მათ შორის AI-აგენტები, რომლებიც შეძლებენ შეტყობინებებზე პასუხის გაცემას ან თუნდაც, აუდიო და ვიდეოკომუნიკაციაში მონაწილეობას, მომხმარებლის კომუნიკაციის სტილის მიბაძვით.

თუმცა პატენტის არსებობა არ ნიშნავს, რომ პროდუქტის გაშვება უკვე იგეგმება. ის მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების დაცვას და არა უშუალოდ ახალი ფუნქციის დანერგვის გამოცხადებას. ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური განცხადება, რომ გარდაცვლილი მომხმარებლების სახელით ავტომატურად პოსტვის ფუნქცია კომერციულად მალე ამოქმედდება.

პატენტი ასევე აჩენს კითხვებს სიკვდილის შემდგომ მონაცემთა უფლებების შესახებ. კანონები და პლატფორმების პოლიტიკა განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აკონტროლებს ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ, და AI-ს მიერ გენერირებულმა აქტივობამ შესაძლოა ეს წესები კიდევ უფრო გაართულოს. ასევე, ჩნდება კითხვა თანხმობასთან დაკავშირებით – ეცოდინებათ თუ არა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომ ისინი რეალურ ადამიანთან კი არა, მის სიმულაციასთან ურთიერთობენ.

www.marketer.ge