Meta სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის ფასიანი ვერსიების გაშვებას განიხილავს, სადაც ევროკავშირის მომხმარებლებისთვის რეკლამები არ იქნება. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

აღნიშნულია, რომ ასეთი ნაბიჯი შესაძლოა იყოს პასუხი ევროკავშირის პოლიტიკასა და სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც Meta-ს მიერ მომხმარებელთა მონაცემების შეგროვების პრაქტიკას ზღუდავს. ფასიანი ხელმოწერა კი ევროკავშირის მარეგულირებლებს შემოწმების შედეგად გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.

Meta ევროკავშირში Facebook-ისა და Instagram-ის უფასო, რეკლამით მხარდაჭერილი ვერსიების მიწოდებასაც გააგრძელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება აპლიკაციების ფასიანი ვერსიები და როდის შეძლებენ მათ გაშვებას, მაგრამ ვინც Facebook-ისა და Instagram-ის ფასიანი სერვისის მომხმარებელი გახდება, ის რეკლამას ვერ ნახავს, წერს Wall Street Journal-ი.

შეგახსენებთ, რომ ციფრული სერვისების შესახებ აქტი (DSA) ევროკავშირში ძალაში შედის და მის შესასრულებლად Meta Instagram-სა და Facebook-ზე ახალ ფუნქციებსა და გამჭვირვალობის დამატებით ზომებს ნერგავს.