ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების კომპლექტაცია კონტენტის შესაქმნელად და რედაქტირებისთვის სულ უფრო იზრდება. ბოლო დროს ტექ თუ კრეატიულ კონფერენციებზე ყველა ახალ-ახალ ხელსაწყოებს გვაცნობს და AI-ს დადებით თუ უარყოფით მხარეებს ეხება.
დიზაინი და სარეკლამო სფერო ის დარგებია, რომლებიც განსაკუთრებულად ეტყობათ ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენა. ამ სტატიაში იმ ბოლოდროინდელ შეფასებებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ეხება.
AI ბრენდინგში
არავინ დავობს იმაზე, რომ AI ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მათ შორის, დიზაინისთვის. თუმცა ბევრიც იმაზე არ საუბრობს, რომ AI სწრაფი და ზედაპირული გადაწყვეტილებებისთვისაა. მისი გამოყენება, მაგალითად, ბრენდინგში ხშირად არღვევს კანონებს, რადგან მარკეტინგი ბრენდინგს მიმოიხილავს არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ ფილოსოფიურ ჭრილში.
ბრენდინგი – ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც ყველა დეტალში გამოიხატება, იქნება ეს ვიზუალი თუ პერსონალური შეტყობინება. ის მოითხოვს თანმიმდევრულობას, საერთო აზრის შექმნას, რომელიც ხშირად მილიონობით ადამიანს მოიცავს.
ასე რომ, როდესაც ყველა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბრენდინგის ეფექტურობაზე იწყება ლაპარაკი, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბოლომდე მისი არსი გააზრებული არ არის. ბრენდინგი არ შეიძლება იყოს სწრაფი და იაფი, ის დასამახსოვრებელი და გამორჩეული უნდა იყოს. ეს კი დროს, ფიქრს და ოსტატობას მოითხოვს.
ამაში ხელოვნური ინტელექტის შემქმნელებიც კი გვეთანხმებიან
ხელოვნური ინტელექტის კომპანიები თავად არ იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ეფექტური და იაფი ბრენდინგის შესაქმნელად. OpenAI თანამშრომლობს ისეთი მაღალი დონის სააგენტოებთან, როგორიცაა Drive Mother და Studio Dunbar. ეს იმიტომ ხდება, რომ ბრენდინგის ფუნდამენტური ფუნქცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ბრენდირება დაიწყეს. მისი მთელი არსი თქვენი პროდუქტის, თქვენი ორგანიზაციის, თქვენი მომსახურების უნიკალურად ამოცნობადობის უზრუნველყოფაა, რასაც მხოლოდ AI-სთვის მიცემული ბრძანება არ შველის.
სარეკლამო ინდუსტრია
თუ დღეს კომერციული კრეატივის სფეროში მუშაობთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრჯერ მოისმენდით, რომ „ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს შეცვლის”. უმეტეს შემთხვევაში, ეს პროგნოზები უფრო ხმაურია, ვიდრე რაციონალური დასკვნა.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი: Genre.ai შემოქმედებითი სტუდია და საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს იყენებს რეკლამებისა და ბრენდის კონტენტის შესაქმნელად. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მისი კომუნიკაცია იყო თვალშისაცემი, თუმცა, ასევე, ქაოსური.
მათ ნამუშევრებში შედის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული NBA ფინალის ცნობილი რეკლამა, რომლის გადაღებაც მხოლოდ 2000 დოლარი დაჯდა. ეს იმის დასტურია, რომ AI-თ მხოლოდ ტიკტოკისა და ინსტაგრამის ვიდეოებს კი არა, უკვე სატელევიზიო რეკლამებსაც აგენერირებთ.
თავად კრეატორებში ამაზე აზრი ორად იყოფა. ჩვენ არცერთს არ ვამტკიცებთ, მხოლოდ გაცნობთ:
ერთნი ამბობენ, რომ როგორი ხელოვნური ინტელექტიც არ უნდა შეიქმნას, კრეატიულ ინდუსტრიას ყოველთვის დასჭირდება „ადამიანი ორკესტრი”, ხოლო მეორენი პასუხობენ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თხრობის, რეჟისურის უნარი, აღარ სჭირდებათ სტუდიის, გადამღები ჯგუფის ან უზარმაზარი ბიუჯეტის მოძიება, ისინი თავად გაერკვევიან ხელოვნური ინტელექტის მასალებში და შექმნიან დამოუკიდებელ პროდუქტს.
თუმცა ხელოვნური ინტელექტის მომხრეებიც დასძენენ, რომ AI მაშინ მუშაობს კარგად, როცა მისი გამოყენება აუცილებელია. თქვენ უნდა აუდიტორიას აუხსნათ მიზეზი, თუ რატომ გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი. თუ თქვენი რეკლამა ისეთია, რისი გადაღებაც ისედაც შეგეძლოთ, მაყურებელი მას ნეგატიურად აღიქვამს.
ყველაზე მთავარ უნარებად მანქანის მიერ შექმნილ რეკლამებშიც კი წერისა და რეჟისურის უნარები რჩება. მაშინაც კი, როდესაც სამუშაო პროცესის ნაწილები ავტომატიზირდება, მაინც გჭირდებათ ვინმე, ვინც გადაწყვეტს, რა არის სწორი. შესაბამისად, მაშინ, როცა სცენები და კადრები ავტომატურად დაგენერირდება, რეჟისორი, რედაქტორი და კრეატიული ხელმძღვანელი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც საბოლოო სახეს მისცემენ პროდუქტს. უბრალოდ, მათ ამისთვის აღარ დასჭირდებათ +60 ადამიანი. შედეგად მივიღებთ არა შემოქმედთა რაოდენობრივ შემცირებას, არამედ უფრო გაიაფებულ ხელოვნებას.
რთულია, განსაზღვრო, როგორ დავწერთ ამ თემაზე დაახლოებით 5 წლის შემდეგ. რას იტყვიან დიზაინერები თუ რეკლამის სფეროში მომუშავეები მოგვიანებით და რამდენი რამ დაემთხვევა დღევანდელ მსჯელობას, თუმცა ფაქტი ერთია – AI-მ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.