ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საშიში ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ რინკევიჩმა ლატვიაში „ხელოვნური ინტელექტის ცენტრის“ შექმნის ფონზე განაცხადა, იტყობინება „დელფი“.

„არ გვინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გახდეს კიდევ ერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც მხოლოდ ქაღალდებს აწარმოებს და მთელ მსოფლიოს უგზავნის შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ცენტრი, რომელიც გააერთიანებს საუკეთესო ძალებს, რომლებიც ითანამშრომლებენ აშშ-iსა და ევროპის პარტნიორებთან, ინდუსტრიასთან და სხვადასხვა საწარმოებთან.

რინკევიჩმა აღნიშნა, რომ, თავდაცვის თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტი ამჟამად სწრაფად ვითარდება, გარდა ამისა, მისი დანერგვა ხელს უწყობს კვლევას, აკადემიურ მუშაობას და სტუდენტების სწავლებას.

„თავად ინდუსტრია მზად არის იმუშაოს რეგულაციებზე, ესმის, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე“, – აღნიშნა რინკევიჩმა.​​​​​​​​​​​​​​​​

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი