NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ასტრონომებმა დედამიწასთან ახლომდებარე ზემასიური შავი ხვრელის გარშემო მტვრის გროვების რუკა შეადგინეს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მტვრის თითქმის მთელი მასა კონცენტრირებულია კომპაქტურ რგოლში, რომელიც ამ კოსმოსურ ობიექტს კვებავს.
კვლევა ფოკუსირებულია ცირკინის (Circinus) გალაქტიკაზე, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 13 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. ვების უმძაფრესმა გამოსახულებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, გალაქტიკის ცენტრის შედარებით მცირე ნაწილები გაერჩიათ და ერთმანეთისგან განესხვავებინათ შავი ხვრელისკენ მიმავალი მატერია და გარეთ გამოდევნილი მტვერი.
ეს რგოლი, რომელსაც „ტორუსს“ უწოდებენ, მატერიას შავი ხვრელისკენ მიმართავს და თან განსაზღვრავს, როგორ გაიფანტება ენერგია მიმდებარე გალაქტიკაში. თუ აქამდე ასტრონომები მიიჩნევდნენ, რომ გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ინფრაწითელ ნათებას ცხელი მატერიის ნაკადები, ანუ ე.წ. გამონაბოლქვს წარმოქმნიდნენ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულმა ვების ახალმა დაკვირვებებმა სრულიად სხვა სურათი გვაჩვენა: მბრწყინავი მტვრის დაახლოებით 87% სწორედ იმ მკვრივ დისკოშია კონცენტრირებული, რომელიც შავ ხვრელს კვებავს, ხოლო გარეთ გამოსული ნაკადები, რაც ფაქტობრივად ნარჩენია, მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
ნაშრომის წამყვანი ავტორი, ენრიკე ლოპეს-როდრიგესი განმარტავს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული შეუძლებელი იყო აქტიური გალაქტიკების ბირთვებიდან მომავალი ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივების ახსნა. მისი თქმით, არსებული მოდელები ითვალისწინებდნენ ან მხოლოდ ტორუსს, ან მხოლოდ გამონაბოლქვს, თუმცა ამ სიჭარბის სრულად დასაბუთებას ვერ ახერხებდნენ.
ზოგადად, შავი ხვრელები სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობიექტებია. მათი გრავიტაცია იმდენად ინტენსიურია, რომ ვერაფერი, სინათლეც კი ვერ აღწევს თავს. არც ისე დიდი ხნის წინ ასტრონომები იმაზეც კი დაობდნენ, არსებობდნენ თუ არა ისინი საერთოდ. ახლა კი შავი ხვრელები მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია და გარკვეულწილად, მათი დანახვაც შეგვიძლია. 2019 წელს Event Horizon-ის ტელესკოპმა პირველი ფოტოც გადაიღო, რომელიც 53 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, Messier 87-ის გალაქტიკაში მდებარეობს.
ცირკინის შავი ხვრელის დისკოს „გამონაბოლქვისგან“ გამოსაყოფად, ასტრონომებმა ვების სპეციალური ინსტრუმენტი (NIRISS) გამოიყენეს, რომელმაც ტელესკოპი, ფაქტობრივად, მინი-ობსერვატორიების მასივად აქცია, რამაც მეცნიერებს საშუალება მისცა, პაწაწინა და აქამდე უხილავი დეტალების მკაფიო გამოსახულება მიეღოთ. კამერის ამ მოწინავე რეჟიმის გამოყენებით, მათ ეფექტურად გააორმაგეს რეზოლუცია ცის უფრო მცირე მონაკვეთზე, რამაც ორჯერ უფრო მკვეთრი გამოსახულების მიღების საშუალება მისცა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა კოსმოსური ინფრაწითელი ინტერფერომეტრი ირმის ნახტომის მიღმა მდებარე ობიექტზე გამოიყენეს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია სხვა შავი ხვრელების შესასწავლადაც გამოდგება. ახლა მთავარია დადგინდეს, ცირკინის შავი ხვრელის ქცევა გამონაკლისია თუ კანონზომიერება. მეცნიერების თქმით, საჭიროა შავი ხვრელების სტატისტიკური ნიმუშები დაახლოებით ათი ან ოცი ობიექტი, რათა უკეთ გავიგოთ კავშირი აკრეციულ დისკოებში არსებულ მასას, გამონაბოლქვსა და მათ სიმძლავრეს შორის.
წყარო: Fastcompany www.marketer.ge