ბრიუსელმა შექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ინტერნეტის მომხმარებლის ასაკის ციფრულად გადამოწმება არის შესაძლებელი. ევროკომისიის მტკიცებით, ის უსაფრთხოა და შესაძლებელს ხდის, ბავშვები უკანონო კონტენტისგან და სექსუალურ მოძალადეებთან კონტაქტისგან იყვნენ დაცულნი.
პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებლის (RTP -Rádio e Televisão de Portugal) ახალი ამბების სამსახურის ფოტო
აპლიკაცია ტექნიკურად მზად არის და ძალიან მალე ამოქმედდება. „ეს აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა, რადგან შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს“, - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.
„ბავშვების ონლაინ-უსაფრთხოების კუთხით, ვითარება უაღრესად შემაშფოთებელია. ყოველი ექვსი ბავშვიდან ერთი ონლაინ-ბულინგს განიცდის, ხოლო ყოველი რვა ბავშვიდან ერთი ინტერნეტ-ბულინგს სხვა ბავშვის მიმართ სჩადის. სოციალური მედიის პლატფორმები ძლიერ დამოკიდებულებას, მიჩვევას იწვევს - დამოკიდებულების ჩამოყალიბებას განსაკუთრებით უწყობს ხელს კონტენტის მრავალგზის გადახვევის შესაძლებლობა, ისევე როგორც მოკლე ვიდეოები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს, ასევე უაღრესად პერსონალიზებული და მიზანმიმართული კონტენტი. დრო, რომელსაც ჩვენი შვილები ეკრანებთან ატარებენ, არასოდეს ყოფილა ასეთი ხანგრძლივი. არადა, ეს არის დრო, როდესაც ისინი სათამაშო მოედანზე თანატოლებთან ერთად უნდა ერთობოდნენ. და რაც უფრო მეტ დროს ატარებენ ისინი ინტერნეტში, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მავნე და უკანონო კონტენტს, ასევე ონლაინ-მოძალადეების მხრიდან სატყუარას დაექვემდებარონ“.
აღნიშნული საფრთხეებიდან გამომდინარე, ბრიუსელი ნერგავს აპლიკაციას, რომელიც ინტერნეტის მომხმარებლის ასაკის გადამოწმების საშუალებას იძლევა. „ის უსაფრთხოა და უკვე მზად არის“, - გარანტიას იძლევა ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი შვილები ისევე დავიცვათ ონლაინ სამყაროში, როგორც ამას ვაკეთებთ ოფლაინ სამყაროში. იმისათვის, რომ ეს ეფექტურად გავაკეთოთ, ევროპული ჰარმონიზებული მიდგომა უნდა გამოვიყენოთ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასე ჟღერს: როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ასაკის გადამოწმების ტექნიკური გადაწყვეტა ევროპის მასშტაბით? შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს უკვე გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ასაკის გადამოწმების ევროპული აპლიკაცია ტექნიკურად მზად არის და მალე ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის. ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ონლაინ პლატფორმებზე წვდომისას დაადასტურონ თავიანთი ასაკი, ისევე როგორც მაღაზიები ითხოვენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ალკოჰოლური სასმელების შესაძენად“.
ეს აპლიკაცია ყველა ტიპის მოწყობილობაზე იმუშავებს და მისი გამოყენება ყველას შეეძლება. ბრიუსელს სურს, რომ ის ეროვნული დოკუმენტების ციფრული პორტფელის ნაწილიც გახდეს.
„მისი გამოყენება მარტივია - საჭიროა აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მაში თქვენი პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შეტანა, შემდეგ კი ონლაინ-სერვისებზე წვდომით თქვენი ასაკის დადასტურება. ეს აპლიკაცია კონფიდენციალურობის უმაღლეს მსოფლიო სტანდარტებს ემყარება. მომხმარებლები თავიანთ ასაკს სხვა პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე ადასტურებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ის სრულიად ანონიმურია და მომხმარებლების კვალის მიგნება შეუძლებელია“.
ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ აპლიკაცია „ღია კოდის“ პრინციპს ეფუძნება - ამ კოდის შემოწმება ყველას შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსაც შეეძლებათ. მაგრამ, რაც მთავარია, ონლაინ-პლატფორმებს შეუძლიათ, თავისუფლად ენდონ ასაკის გადამოწმების ევროპულ აპლიკაციას. „ამიტომ, თავის მართლების საბაბი აღარ არსებობს. ევროპა გთავაზობთ პრობლემის უფასო და მარტივ გადაწყვეტას, რომელსაც შეუძლია, ჩვენი შვილები მავნე და უკანონო კონტენტისგან დაიცვას“.
ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში ბავშვთა უფლებებს უპირატესობა უნდა ჰქონდეს კომერციულ ინტერესებზე და პირობას დებს, რომ ამის მიღწევას უზრუნველყოფს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს ძლიერ ინსტრუმენტს სთავაზობს ბავშვების დასაცავად. ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ჩვენი ბავშვების უფლებებს არ სცემენ პატივს. სწორედ ამიტომ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ავამოქმედოთ ევროპული წესები“.
ბრიუსელს სურს, რომ უფრო მეტად პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ონლაინ-პლატფორმებს, რომლებიც საკმარისად არ იცავენ ბავშვებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია საზოგადოებას აქტუალური პრობლემის ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს.
ფონ დერ ლაიენი იხსენებს კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდს, როდესაც ბრიუსელმა რეკორდულ დროში - სამ თვეში - შეიმუშავა კოვიდ-აპლიკაცია, რათა მოქალაქეებს დახმარებოდა, ნორმალურ ცხოვრებას უსაფრთხოდ დაბრუნებოდნენ.
„ოთხ კონტინენტზე 78 ქვეყანა იყენებდა ამ აპლიკაციას, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ ახლაც ასეთივე წარმატებას მოვაღწევთ, რადგან ასაკის გადამოწმების აპლიკაციაზე იგივე მოდელი და პრინციპები გამოვიყენეთ“.
წყარო: 1 არხი