პარასკევს ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ციფრული ევროს შექმნის პირობებს, რომელიც ვალუტის გამოყენებას როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში ითვალისწინებს. აღნიშნული პოზიცია განსხვავდება ევროპარლამენტის ადრინდელი წინადადებისგან, რომელიც აქცენტს მხოლოდ ოფლაინ გამოყენებაზე აკეთებდა.
საბჭოს ახალი პოზიციის თანახმად, ციფრულ ევროს საჯაროდ გამოსცემს ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროსა და ადგილას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მომხმარებელს წვდომა ინტერნეტთან.
ახალი მოდელით, ონლაინ ტრანზაქციები მყისიერად დამუშავდება ცენტრალური ბანკის რეესტრის ან ავტორიზებული შუამავლების მეშვეობით. რაც შეეხება ოფლაინ ტრანზაქციებს, ისინი ადგილობრივად ჩაიწერება და მოგვიანებით, ინტერნეტკავშირის აღდგენის შემდეგ, ცენტრალურ რეესტრთან დასინქრონდება. ეს სისტემას საშუალებას მისცემს, იფუნქციონიროს სუსტი კავშირის ზონებშიც და ამავდროულად შეინარჩუნოს ნაღდი ფულის მსგავსი კონფიდენციალურობა.
ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს დანერგვაზე გადახდის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით მუშაობს, რათა სულ უფრო გაციფრულებულ სამყაროში ცენტრალური ბანკის ფული აქტუალური დარჩეს. ნაღდი ფულის მოხმარების შემცირების ფონზე, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა ხელს შეუწყობს მონეტარული სუვერენიტეტისა და ვალუტის მიმართ ნდობის შენარჩუნებას.
თუმცა პროექტი ნელი ტემპით მიიწევს წინ და საბანკო სექტორის ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.
საბჭოს მანდატი განსაზღვრავს ვალუტის ძირითად მახასიათებლებს, მათ შორის ციფრული ევროს ფლობის ლიმიტებს. ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის დაცვას და ბანკებიდან დეპოზიტების გადინების თავიდან აცილებას. ლიმიტებს დაადგენს ECB და მას ყოველ ორ წელიწადში გადახედავენ.
პროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან, ციფრული ევროს გარკვეული საბაზისო სერვისები მომხმარებელს უფასოდ შესთავაზონ, თუმცა დამატებითი ღირებულების მქონე ფუნქციებზე საკომისიოები დაწესდება. სულ მცირე ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, ბანკთაშორისი და სავაჭრო საკომისიოები არსებული საგადახდო მეთოდების შესაბამისად შეიზღუდება, შემდგომ კი რეალური ხარჯების მიხედვით დაკორექტირდება.
საბჭოს შეთანხმება გზას უხსნის მოლაპარაკებებს ევროპარლამენტთან ციფრული ევროს სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ. კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს გამოშვებას შეძლებს. ECB-ის განცხადებით, 2027 წლის საპილოტე ფაზის შემდეგ, ციფრული ევრო შესაძლოა 2029 წლისთვის ამოქმედდეს.