ICT ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორში უცხოელი სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის შემოღებას, ჯერჯერობით, მოსალოდნელი შედეგები არ მოჰყოლია.

როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძეm BMG-ის განუცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ შესაბამისი ნებართვის მიღების პროცესი საკმაოდ დიდ ბიუროკრატიას უკავშირდება, რის გამოც ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ასეულმა სპეციალისტმა აიღო შესაბამისი ნებართვა. მისივე შეფასებით, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ დარგს ამ მექანიზმის გამარტივების მოლოდინი აქვს.

“კომპანიები IT სექტორში ბინადრობის ნებართვის შემოღებას დიდი ხანია ვითხოვდით და ის სექტემბერში ამოქმედდა, თუმცა ბიუროკრატიული დოკუმენტაციის გამო ისეთი მიმზიდველი არ აღმოჩნდა. ძალიან ბევრ დოკუმენტს ითხოვენ, რისი წარდგენაც რთულია დღევანდელ რეალობაში. მაგალითად, თუ გვინდა სპეციალისტი გერმანიიდან [ჩამოვიყვანოთ], ითხოვენ აპოსტილით დამოწმებულ ხელშეკრულებას. წარმოუდგენელია, Google-ის ოფისში ვინმე ნოტარიუსთან გაჰყვეს თანამშრომელს ამის დასამოწმებლად. ახლა ვმუშაობთ მექანიზმზე, რომ ეს გამარტივდეს და თან უსაფრთხოების რისკებიც იყოს გათვალისწინებული.

ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიებიდან რამდენიმე ასეულმა [სპეციალისტმა] აიღო IT ბინადრობის ნებართვა. ეს ციფრი დაბალია მოლოდინზე. ჩვენი ასოციაციის წევრები ასაქმებენ დაახლოებით 15,000 ადამიანს, აქედან 40% უცხოელია. მოლოდინი გვქონდა, რომ ათასობით ადამიანზე იქნებოდა საუბარი. ასევე პრობლემაა, რომ სხვადასხვა იუსტიციის სახლში ოპერატორები განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიან ადამიანებს, რაც დაბნეულობას იწვევს.

აქ საუბარი არაა მოთხოვნების შემსუბუქებაზე, საუბარია ბიუროკრატიის გამარტივებაზე. სწორედ ამიტომაა ის ბარიერები (წლიური $25,000 ხელფასი და 2-წლიანი გამოცდილება), რომ საშუალო და მაღალი დონის სპეციალისტები ჩამოვიყვანოთ, რომლებსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ვერ ვპოულობთ. გვინდა, ეს ხალხი შევინარჩუნოთ, პარალელურად ადგილობრივი ტალანტი გავზარდოთ, რომ მერე კომპანიები ქართულ რესურსზე იყვნენ დამოკიდებულნი”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა შემოიღო. შესაბამისი დადგენილების თანახმად, პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი წლიური ხელფასი $25,000-ზე მეტია, ასევე IT სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.

bm.ge