ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ი, რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა დააარსა, გეგმავს ბავშვებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციის შექმნას, სახელწოდებით Baby Grok.
ამის შესახებ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე 20 ივლისს განაცხადა.
„ჩვენ Baby Grok @xAI-ის აპლიკაციის შექმნას ვაპირებთ, რომელიც ბავშვებისთვის მოსახერხებელ კონტენტზე იქნება ორიენტირებული“, - წერს მასკი.
მანამდე ილონ მასკის კომპანია xAI-მა წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის Grok 4-ის ახალი ვერსია, რომელიც, ბიზნესმენის თქმით, ნებისმიერ საგანში დოქტორზე უფრო ჭკვიანია. კომპანიამ ასევე დააანონსა ხელოვნური ინტელექტის ახალი სააბონენტო პაკეტი, რომლის ყოველთვიური ღირებულება 300 დოლარს შეადგენს.
პრეზენტაცია მას შემდეგ შედგა, რაც Grok-ის გარშემო სკანდალი აგორდა. სოციალურ ქსელ X-ზე ჩეთბოტმა, მომხმარებლების მოთხოვნის პასუხად, ადოლფ ჰიტლერის ქება და ანტისემიტური კომენტარების გამოქვეყნება დაიწყო. ილონ მასკის კომპანია იძულებული გახდა, ჩეთბოტიდან ჰიტლერის საქებარი პოსტები წაეშალა. გარდა ამისა, მოთხოვნის პასუხად, Grok-მა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს „დაწყევლილი მოღალატე“ და „წითური მეძავი“ უწოდა.
9 ივლისს თურქეთის სასამართლომ Grok-ის ჩეთბოტის ზოგიერთი კონტენტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც პასუხებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გაჟღერდა.
წყარო: 1 არხი