Apple-ი მოპარული iPhone-ის ნაწილებით შეკეთებულ iPhone-ებს დაბლოკავს. ამის შესახებ გამოცემა 9to5Mac წერს

ახალი ფუნქცია დანერგილი იქნება iPhone-ის რიგით მე-18 გამოშვების ოპერატიულ სისტემაში (iOS 18), რომელიც ხელმისაწვდომი 16 სექტემბრიდან იქნება. შედეგად, Apple-ის მომხმარებლის ანგარიშს iPhone-ის ნაწილების - ბატარეის, კამერისა და ეკრანის სერიული კოდების მონაცემები დაუკავშირდება.

როგორც 9to5Mac წერს, თუ iPhone-ი დაიკარგება ან მოიპარავენ, მას ე.წ. Activation Lock (აქტივაციის საკეტი) დაედება (დაიბლოკება). ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამგვარად დაბლოკილი ტელეფონის ნაწილი სხვა iPhone-ში აღმოჩნდება, შესაბამისი ტელეფონიც დაიბლოკება. განბლოკვას მხოლოდ მოპარული/დაკარგული iPhone-ის ნაწილების თავდაპირველი მფლობელი საკუთარი Apple ID-ის პაროლის გამოყენებით შეძლებს.

iOS 18 iPhone-ის მე-16 სერიის სმარტფონებში წინასწარ იქნება ინსტალირებული.

9 სექტემბერს Apple-მა iPhone 16, iPhone 16 Plus, iPhone 16 Pro და iPhone 16 Pro Max-ი წარადგინა. ახალი სერიის სმარტფონების გაყიდვა ოფიციალურად 20 სექტემბერს დაიწყება. 

წყარო: ტაბულა