მსოფლიოში AI ჩიპების წამყვან მწარმოებელს 4.4 ტრილიონი დოლარის მიზეზი აქვს იმისთვის, რომ მუდმივად მზარდი ხელოვნური ინტელექტის პოტენციური მომავლით მოგვჭრას თვალი. NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ორშაბათს, სან-ხოსეში გამართულ GTC-ის ორსაათიან პრეზენტაციაზე ნამდვილი შოუ დადგა. მან რთულად აღსაქმელი გრაფიკების პრეზენტაცია ორბიტაზე განთავსებული მონაცემთა ცენტრების შთამბეჭდავი ხედვებითა და მულტფილმ Frozen პერსონაჟის, რობოტი ოლაფის უცნაური ინტერაქციებით გააფერადა. თუმცა, რეალურად, ყველაფერი AI გეიმინგ-პროგრამული უზრუნველყოფის განახლებითა და OpenClaw-ს AI აგენტების ეკოსისტემაში NVIDIA-ს აქტიური ჩართულობით შემოიფარგლა.
პრეზენტაციაზე პირველად კომპანიის AI upscaling პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, NVIDIA DLSS 5 დაანონსდა, რომელიც შემოდგომაზე გამოვა. კომპანია მას ვიზუალურ სიზუსტეში ნამდვილ გარღვევად აფასებს, რომელიც პიქსელებს ფოტორეალისტური განათებითა და მატერიებით ავსებს, რითაც რენდერსა და რეალობას შორის ზღვარს შლის. ჰუანგმა ტექნოლოგიის შესაძლებლობები Resident Evil: Requiem-ის, Hogwarts Legacy-სა და Starfield-ის მაგალითებზე აჩვენა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ სულ რაღაც ორი კვირის წინ გამოსულმა Resident Evil: Requiem-მა გრაფიკით გეიმერების გულები უკვე დაიპყრო. სოციალურ ქსელებში მომხმარებლების დიდი ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ NVIDIA ცდილობდა შეეკეთებინა ის, რაც ისედაც იდეალურად მუშაობდა.
ღონისძიებაზე ჰუანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი კვლავ დაჩქარების პროცესშია. მან წარმოადგინა გრაფიკი, რომელიც ბოლო წლების AI ტრანსფორმაციას ასახავდა: ყველაფერი 2023 წელს OpenAI-ს ChatGPT-ით დაიწყო, 2024-ში OpenAI-ს o1 მოდელით გაგრძელდა, ხოლო 2025 წელს Anthropic-ის კოდირების ასისტენტით, Claude Code-ით დაგვირგვინდა. ახლა კი, 2026 წელს, NVIDIA და მთლიანი AI ინდუსტრია გარდამტეხ მომენტს უახლოვდება. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ჩიპების მთავარი ღირებულება უკვე აღარ არის მხოლოდ დიდი ენობრივი მოდელების გაწვრთნაში, არამედ, ფოკუსი ამ მოდელების ახლებურად დანერგვაზე გადავიდა, რაც AI აგენტების ეკოსისტემას მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ აგენტების ეპოქის დაწყებას სწორედ Claude Code-მა და OpenClaw-მ შეუწყვეს ხელი. OpenClaw, რომელიც ადრე Clawdbot-ის სახელით იყო ცნობილი, პოპულარული AI ასისტენტია, თუმცა უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები აქვს. ამის საპასუხოდ, NVIDIA-მ წარმოადგინა Nemo Claw – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამატებითი ფენა, რომლის სატესტო ვერსიის გამოცდა უკვე შესაძლებელია. გარდა ამისა, კომპანია ცდილობს, აგენტების ეკოსისტემა მაქსიმალურად სწრაფად გააფართოოს, მიუხედავად იმისა, მუშაობენ თუ არა ისინი იდეალურად. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის, რომლებსაც საკუთარი მოდელების შექმნა სურთ, NVIDIA-მ ახალი, ყოვლისმომცველი ინსტრუმენტების ნაკრები – NVIDIA AI Agent Toolkit წარადგინა.
ღონისძიების მიწურულს, ჰუანგის ხედვა კიდევ უფრო მასშტაბური და კოსმოსური გახდა. საუბარია არა მორიგ AI მოდელზე, არამედ Vera Rubin Space-1-ზე, რომელიც კოსმოსში პირველი მონაცემთა ცენტრი იქნება. ჯერჯერობით არც განვითარების და მით უმეტეს, არც გაშვების ვადები არ სახელდება, თუმცა NVIDIA-ს საუკეთესო ინჟინრები ამ პროექტზე უკვე მუშაობენ. რაც შეეხება რობოტ ოლაფს, რომლის შექმნაზეც Disney-ს გუნდმა იზრუნა, ის ერთ-ერთი იყო სან-ხოსეში წარმოდგენილი 110 AI რობოტიდან. მართალია, მომავალში დისნეის პარკებში მსგავსი რობოტის ხილვა ნამდვილად სახალისო იქნება, მაგრამ ჰუანგის მასთან საუბარი საკმაოდ უხერხული გამოვიდა. NVIDIA-ს ხელმძღვანელი ოლაფის რეპლიკებს აცდენდა, თავად რობოტი კი საუბრის კონტექსტს ვერ ერგებოდა, რამაც მისი „ხელოვნური ინტელექტი“ ოდნავ ეჭვქვეშ დააყენა.
ორსაათიანი პრეზენტაციის დასასრულს, ჰუანგმა სცენა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ქანთრი მუსიკის ფონზე დატოვა, სადაც ეკრანზე მისივე ავატარი და რობოტები კოცონთან ისხდნენ. აუდიტორიას კი ორი შესაძლო სამომავლო სცენარი დარჩა შესაფასებლად. პირველი სცენარით, AI აგენტები კომპანიას სტრატოსფეროში გაიყვანენ. მეორე სცენარით კი, თუ ეს აგენტები ოლაფივით მოუქნელები აღმოჩნდებიან და ბიზნესს რეალურ უკუგებას ვერ მოუტანენ, NVIDIA-ს საბაზრო პოზიცია შესაძლოა გაზაფხულზე თოვლის ბაბუასავით დადნეს.
წყარო: Mashable, www.marketer.ge