შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.
ცნობისთვის, სორდიას დაკავებაზე ინფორმაცია მანამდე „ინდიგო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბა სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამჟამად ჟურნალისტს ადვოკატი ხვდება.
წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა თორდია, რომელიც 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის; როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა თქვა მასთან იზოლატორში შეხვედრის შემდეგ, საბამ დაკავებისას არ იცოდა რომ აკავებდნენ და ამის შესახებ მხოლოდ პოლიციის სამმართველოში გადაყვანისას გაიგო, გზაში კი, პოლიციის მანქანაში, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ჰომოფობიურ კომენტარებს და მუქარის შემცველ ფრაზებს.
იურისტის თქმით, ჟურნალისტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც "ზედაპირული დათვალიერების" ფარგლებში გაჩერებულს პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩანთის შიგთავსის სრულად ნახვა მოსთხოვეს.
"ჩანთის გახსნის მოთხოვნას ის დაემორჩილა, ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნაზე კი თქვა, რომ ამას თვითონვე გააკეთებდა.
ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის მარჯანიშვილის განყოფილებაში”– ამბობს მარიამ ყველაშვილი.
იურისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, ასევე, წაართვეს კამერა GoPro და უთხრეს, რომ მას დაუმტვრევდნენ.
„დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამს, რომ მას აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. განყოფილებაში უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მის მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს, რადგან მას ეკეთა საყურე, ასევე, ჩამოართვეს GoPro, რომელიც ახლა პოლიციაშია.
საბამ თქვა, რამდენჯერმე ვთხოვე, რომ კამერა არ დაიკარგოსო, რაზეც მიპასუხეს, თუ ამას კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ, დავამტვრევთ შენს კამერასო, რაც პოლიციელების მხრიდან შეუსაბამო საქციელია” – თქვა იურისტმა მედიასთან.
ამ დროისთვის უცნობია, სასამართლოში გადაიყვანენ დაკავებულს თუ 24 ან 48 საათით დატოვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაზე ის აპირებს მიმართოს სახალხო დამცველს როგორც კამერის დამტვრევაზე მუქარის, ასევე ჰომოფობიური ფრაზების გამო.
საბას დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ინდიგომ გაავრცელა. ჟურნალისტის მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული.
ზედაპირული დათვალიერება პოლიციის საპრევენციო ღონისძიებაა, რომელსაც დანაშაულთან ბრძოლის და კრიმინალის პრევენციის სახელით იყენებენ სამართალდამცველები - ბოლო თვეების განმავლობაში ამ გზით ასობით ახალგაზრდას აჩერებენ და ჩხრეკენ. ზედაპირული დათვალიერების დროს პოლიციელს უფლება აქვს მხოლოდ ტანსაცმლის ზედაპირი დაათვალიეროს ხელით ან სპეციალური მოწყობილობით - ჩანთებისა და ჯიბეების შემოწმება ამ პროცედურაში არ შედის. ჩხრეკისასაც და ზედაპირული დათვალიერებისასაც, მნიშვნელოვანია პოლიციელმა ახსნას, რატომ აჩერებენ ადამიანს და რა მიზანს ემსახურება მისი შემოწმება. ჩხრეკის შემდეგ აუცილებლად უნდა შედგეს ოქმი - მას სასურველია ადვოკატიც ესწრებოდეს.
წყარო: "რადიო თავისუფლება"