ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მარცხის შესახებ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ევროპის ოთხგზის ჩემპიონმა, სერჟიო სკარიოლომ გააკეთა.
„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მთავარ მწვრთნელს, ჯიკიჩს. მათ ეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურეს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას – ვერ შევძელი კალათბურთელების დარწმუნება, რომ მეტოქე ბევრად ძლიერი და ფიზიკურად უკეთ მომზადებული იყო. შედეგი სახეზეა, მოხსნებში 16-ით ჩამოვრჩით.
გვაკლდა დისციპლინა და ერთიანობა, რაც ამ დონის შეხვედრას სჭირდება. მესმის, რომ პირველი მატჩია და გამოცდილება ზოგ მოთამაშეს აკლია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. იყო ეპიზოდები, როცა დაბრუნება ვცადეთ, მაგრამ რეალურად საქართველოს ნაკრების გამარჯვებას საფრთხე არასოდეს შექმნია.
ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ღირსეულად მივიღოთ ეს მარცხი და მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ“, – განაცხადა სკარიოლომ.
ესპანეთის ნაკრები ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩაატარებს, ხოლო საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩს პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.