დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) - მონაცემები საქსტატმა გაავრცელა.

აღნიშნული მაჩვენებელი 7.0 პროცენტით მეტია 2023 წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა ქ. თბილისსა (22.5 პროცენტი) და აჭარის ა/რ-ში (20.5 პროცენტი). 

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9 პროცენტს.

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1 პროცენტით მეტი).