საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, უწყების ცნობით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს და ასევე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული, სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს. სიახლეებია ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული - სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.