„ქართული ოცნება“ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისიას ქმნის.

„4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი დღეს დამაკმაყოფილებელი არ არის. ამიტომაც, „უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე. მოადგილე იქნება განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, კომისიის მდივანი — ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ შარშან დააანონსა ფუნდამენტური რეფორმა განათლების სისტემაში „ლიბერალური ტენდენციების“ აღმოსაფხვრელად, რაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების ცვლილებასაც.

ამ ეტაპზე, უცნობია, რას ისახავს მიზნად „საუნივერსიტეტო რეფორმა“. „კომერსანტი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული განმარტებები არ მიგვიღია.

,,განათლების პოლიტიკის ცენტრის" დირექტორის, გიორგი ჭანტურიას შეფასებით, „ოცნება“ განათლების სფეროში ავტოკრატიის დამყარებას ცდილობს. უკვე მიღებული კანონით, კი შესაძლებელია, სამსახურიდან ნებისმიერი ლექტორი დაითხოვონ ბრალდებით, რომ იგი „გარყვნილების პროპაგანდის“ გამავრცელებელია.

„კობახიძის ეს განცხადება არის გაგრძელება განცხადებებისა, სადაც იგი ამბობდა, რომ ორი ძირითადი საგანმანათლებლო კერა უნდა იყოს საქართველოში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი. ისინი მუდმივად აპროტესტებენ სტუდენტების აქტიურობას, როგორც აკადემიური პერსონალის აქტიურობას. ამბობენ, რომ პოლიტიკის ადგილი უმაღლეს სასწავლებელში არ არის, რაც დიდი უმეცრებაა, თავადაც კარგად იციან, რომ ასე არაა. განათლებაა ყველაზე დიდი პოლიტიკაა, სწორედ საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, ლექტორები, მასწავლებლები უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკაში. სწავლება, ეს უკვე პოლიტიკური აქტია, კვლევა, მეცნიერული მუშაობა ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია. ეს განცხადება დიქტატურის გამყარების მცდელობაა, რაც, პირიქით, შეიძლება პროტესტს წაადგეს, რადგან განგაშის ხმა პროტესტანტ ჯგუფებს კიდევ უფრო გააერთიანებს.

ავტოკრატია, რომლის დამყარებასაც ცდილობენ, ყველა სფეროს შეეხება. აკადემიური სფეროს პასუხი კიდევ უფრო ხმამაღალი და მკაფიო უნდა იყოს.

ე.წ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეედავოს გარყვნილების პროპაგანდის წარმოებაში და ამის გამო უნივერსიტეტიდან გააგდოს. თუ ასწავლით ისტორიას ან ფილოსოფიას, შეიძლება სამსახურიდან დაგითხოვონ, თანაც ამით დასმენების წახალისება ხდება. ეს არის ინსტრუმენტი, რათა აკადემიური სფერო დაიქვემდებარონ. ამ რეფორმას განათლებასთან კავშირი არ აქვს“,- ამბობს ჭანტურია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საუნივერსიტეტო რეფორმას გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი- ლევან იზორია უხელმძღვანელებს. იზორიას საგანმანათლებლო სფეროსთან კავშირი 2004-2006 წლებში ჰქონდა, როცა შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობას იკავებდა. 2016 წელს კი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

გიორგი ჭანტურია სწორედ მის წარსულ კარიერას იხსენებს და ამბობს, რომ იზორია განათლების სფეროში „პოლიციურ რეჟიმს“ კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდი ხანია, განათლების სამინისტროში განათლების სფეროს წარმომადგენლები აღარ მუშაობენ. აბსოლუტურად ძალოვანი სტრუქტურების ხალხია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და თავდაცვის სამინისტროდან ან პოლიციიდან, ასეთი ხალხი განაგებს განათლების სამინისტროს. უნდათ პოლიციურ რეჟიმს დაუქვემდებარონ უმაღლესი განათლება და იქ კრიტიკული ხმა არ ისმოდეს. ეს ნანახი გვაქვს, მათ შორის საბჭოთა წარსულშიც, სადაც კრიტიკული ხმები აბსოლუტურად დახშული იყო და ადამიანებს აკადემიური ნაშრომისთვის პირდაპირ იჭერდნენ. თურმე, ლევან იზორიამ უნდა უხელმძღვანელონ „რაღაცის კომისიას“. იზორია თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირი იყო და გერმანიაში ელჩი. მათი ნაბიჯები ამ მხრივ ლოგიკურია, პრინციპში ჩვენ არც უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ განათლების სფეროში რამე სხვა პოლიტიკას გაატარებენ, ეს არის პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბება. იგივე ხდება ზოგად განათლებაში, რომელიც უფრო მეტად აქვთ დაქვემდებარებული, როგორც სკოლამდელი განათლება, ახლა უნდათ, რომ უმაღლესი განათლება დაიქვემდებარონ. სრულად ვარ დარწმუნებული, რომ არ გამოუვათ და ეს პირიქით პროტესტს წაადგება“,- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.