ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) 24 იანვარს დანიშნა შეხვედრა, რათა ევროკავშირის საბჭოსთვის დასამტკიცებლად შეათანხმონ რეზოლუცია, რომელიც აჩერებს უვიზო რეჟიმს საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის. ინფორმაციას interfax.ru აქვეყნებს.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება გამოთქვა.

„ეს მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ არ შეუძლიათ ოპოზიციის ხმების ჩახშობა ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა უშედეგოდ“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში კაია კალასმა განცხადებაში.

ევროკომისიამ განმარტა, რომ თუ ევროკავშირის საბჭო მიიღებს წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოგზაურობისთვის მოკლე პერიოდის განმავლობაში, 90 დღემდე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.