არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ „პროკურატურამ მზია ამაღლობელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოს“.

საია-ს განმარტებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და ატარებს პოლიტიკური რეპრესიის სახეს“. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეში არის არაერთი დარღვევა.

გარდა ამისა, საია-ში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელის მიმართ ბათუმის პოლიციის უფროსის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად უნდა გამოიძიოს ეს ფაქტი.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, თავდაპირველად საპროტესტო სტიკერის გაკვრისას, ადმინისტრაციული წესით თვითნებურად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე, იგი დააკავეს სისხლის სამართლის წესით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. მზია ამაღლობელის საქმეში სახეზეა არაერთი დარღვევა. მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ადასტურებს:

ადმინისტრაციული წესით თვითნებური დაკავება

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში შეკრებილი აქტივისტები ატარებდნენ საპროტესტო აქციას და აკრავდნენ სტიკერებს წარწერით – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების თვითნებური დაკავება. როდესაც მზია ამაღლობელმა შეიტყო, რომ მისი კოლეგა, ციალა ქათამაძე დააკავეს, თავადაც მივიდა აქციის მიმდინარეობის ადგილას და ერთ-ერთ პირს გამოართვა სტიკერი, რომელიც გაშალა კედელზე. სწორედ ამ დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ საათში ხელწერილის საფუძველზე მზია ამაღლობელი გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას. იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში.

მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა

ხელწერილით გათავისუფლების შემდგომ, მზია ამაღლობელმა დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და ეზოში აღმოჩნდა პოლიციელების კორდონის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოს გარეთ განაგრძობდნენ პროტესტს. მზია ამაღლობელმა შენიშნა, რომ მისი კოლეგა იმყოფებოდა პოლიციის გარემოცვაში და სურდა მასთან მიახლოება. ჩოჩქოლში ის წაიქცა და რამდენჯერმე მას ფეხი დააბიჯეს სხეულზე. წამოყენების შემდგომ, მან შეძლო კოლეგასთან მისვლა და როგორც გაარკვია, მისი დაკავების პერიოდში პოლიცია კვლავ განაგრძობდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს, მათ შორის, თვითნებურ დაკავებას. მას შემდგომ, რაც მისი გაშლილი ხელი სახეზე მოხვდა ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. 12 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეცნობა მომხდარის შესახებ, რაც საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. მოკვლევის პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას. მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი.

სისხლის სამართლის უკანონო ბრალდება

პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით. ამ მუხლით ისჯება პოლიციელზე ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა, რაც დაკავშირებული უნდა იყოს სამსახურებრივ საქმიანობასთან. იმისათვის, რომ ქმედება ამ მუხლად დაკვალიფიცირდეს, სახეზე უნდა იყოს ამ მუხლისათვის დამახასიათებელი საკვანძო გარემოებები:

თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი;

თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით;

თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.

მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 3531 მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება. ამასთან, მზია ამაღლობელის ქმედებას, არ შეეძლო ფიზიკური ტკივილის გამოწვევაც კი, რაც გამორიცხავს სისხლის სამართლის ბრალდებას არამარტო ამ მუხლით, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, უფრო მსუბუქი მუხლებითაც. ამდენად, მზია ამაღლობელის სისხლისსამართლებრივი ბრალდება ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს.

პატიმრობის გამოყენება უკანონოდ – 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პირველი წარდგენის სხდომა. პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სახის – პატიმრობის გამოყენებას. პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეტურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთი ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ“, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია-ში ასევე საუბრობენ სააპელაციო სასამართლოში საჩივრის გაგზავნის დაყოვნებაზე.

„მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო, საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა. [4] სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12:00 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას.

მოსამართლის კვალიფიკაციის საკითხი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩაატარა და მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მას მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 2022 წელს ის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის საქმიანობას შეუდგა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ამავე საიტზე არ იძებნება ინფორმაცია, როდის მოხდა მისთვის კოლეგიის შეცვლა და როდიდან იხილავს სისხლის სამართლის საქმეებს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას შეეცვალა კოლეგია, ეს ადასტურებს იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლეებისათვის კოლეგიების განსაზღვრა ხდება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული რა მიმართულებით აქვთ მათ ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. ეს პრაქტიკა შესაძლოა შეფასდეს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევადაც.

არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოვითხოვთ: ​პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო ბრალდების საქმე; ​მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან; ​სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა; ​ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება“, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ „მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელი იმყოფება მეხუთე დაწესებულებაში, ის არ იღებს საკვებს და ამის შესახებ ინფორმირებულია ციხის ადმინისტრაცია“.

„ყოველ ჯერზე, ამასთან დაკავშირებით კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, რომ მან საკვები არ მიიღო. მასთან გასაუბრების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად. ის იღებს მხოლოდ წყალს და შესაბამისად, ასე აგრძელებს ამ საქმეში ბრძოლას. ციხის ადმინისტრაციისთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ასეთი შემთხვევა, ასეთი განვითარება ამ პროცესების და ნებისმიერ დროს, როდესაც მას დასჭირდება სამედიცინო მკურნალობა, ეს მკურნალობა უნდა მიეწოდოს დროულად. ჩვენი მხრიდან ამის საჯაროდ თქმის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ არის, რომ ამის შესახებ ყურადღება იყოს მიპყრობილი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ციხის ადმინისტრაციასთან მიმართებით მას რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ის ამბობს, რომ ამ მხრივ არ აქვს შეზღუდვები ან პრობლემები ციხის ადმინისტრაციასთან. მას ჯერჯერობით მედიკოსების დახმარება არ დასჭირვებია“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

პირველი არხი