სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, სოფელ წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილი უწყლოდ დარჩა. ამჟამად მომხმარებლების ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდებათ. რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის შეკეთება რამდენიმე დღეს გასტანს და მის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.

ipn.ge