ევროპის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის განცხადებით, 2025 წელი, სავარაუდოდ, რიგით მეორე რეკორდულად ცხელი წელი იქნება.
Copernicus-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, გლობალური საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიამდელ მაჩვენებელს 1.48 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა, რაც "თითქმის უეჭველს" ხდის იმ ფაქტს, რომ 2025 წელი ისტორიაში მეორე ან მესამე ყველაზე თბილი წელი იქნება.
ყველაზე ცხელი წელი რეკორდებს შორის 2024 იყო, ხოლო 2023 წელი - რიგით მეორე ყველაზე თბილი.
მართალია, 2025 წელს ტემპერატურის მატებამ, შესაძლოა, ინდუსტრიამდელ ნიშნულთან შედარებით 1.5 გრადუსს არ მიაღწიოს, მაგრამ მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 2023-2025 წლების საშუალო გლობალური ტემპერატურა, სავარაუდოდ, გადააჭარბებს იმ ზღვარს, რომელიც მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების უმძიმესი შედეგების გამომწვევ ნიშნულად მიიჩნიეს.
"ეს მაჩვენებლები აბსტრაქტული არ არის - ისინი კლიმატის ცვლილების ტემპის აჩქარებას ასახავს. მომავალში ტემპერატურის მატების შესარბილებლად ერთადერთი გზა სათბურის აირების ემისიების სწრაფი შემცირებაა", - ნათქვამია სამანტა ბერჯესის, Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის სტრატეგიული ხელმძღვანელის განცხადებაში.
უახლეს კლიმატურ მონაცემებს წინ უძღოდა წელს მომხდარი ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენების სერია, მათ შორის ნოემბრის ბოლოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში თავსდატეხილი ტროპიკული შტორმები, რომლებსაც 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ოქტომბერში გაავრცელა გაფრთხილება, რომ მსოფლიო გარდაუვალად გადააჭარბებდა 1.5-გრადუსიან ზღვარს და ხაზი გაუსვა მოსახლეობის დასაცავად ადრეული გაფრთხილების სისტემების მნიშვნელობას.
კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხზე გლობალური კონსენსუსის რღვევის ნიშნად, ბრაზილიაში გამართული COP30-ის სამიტი გასულ თვეს ისე დასრულდა, რომ წიაღისეულ საწვავზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა.
ნორვეგიის კლიმატის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მეცნიერმა, ბიორნ ჰ. სამსეტმა განაცხადა, რომ მსოფლიო კვლავაც ნახავს კლიმატის ცვლილების შედეგებს, რადგან არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ ტემპერატურა "უახლოეს პერიოდში" დაიწევს.
"ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ ადაპტაციის მცდელობები არა მხოლოდ იმ კლიმატთან, რომელიც ახლა გვაქვს, არამედ კიდევ უფრო თბილ კლიმატთანაც, რომელსაც მომავალ ათწლეულებში ვიხილავთ", - განუცხადა სამსეტმა "ალ ჯაზირას".