მაისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 5%-ით 3 304-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების მაისის მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, გაზრდილია გასაყიდი ბინის ფასიც, რომელიც 2024 წლის მაისთან შედარებით, 6%-ით კვ.მ-ზე 1 266 დოლარამდე გაიზარდა.
2024 წლის მაისთან შედარებით ქირის საშუალო ფასი 12%-ით არის შემცირებული და კვ.მ-ზე 10.6 დოლარს შეადგენს.
მაისში ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 13%-ით შემცირდა და 619 შეადგინა რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 2685-ს გაუტოლდა. თბილისში მოთხოვნა ძირითადად კონცენტრირებულია 50-დან 75 მ²-მდე ფართობის ბინებზე (44%), ხოლო 125-მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი დაბალია და 5%-ს შეადგენს.
მაისში თბილისის უბნებს შორის ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაყიდვები შესამჩნევად შემცირდა მთაწმინდაზე (27%-ით), დიდუბესა (26%-ით) და სამგორში (21%-ით). იმავე პერიოდში ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე - 2178 დოლარი ვაკეში დაფიქსირდა. ვაკის შემდეგ საცხოვრებელი ყველაზე ძვირი 1 382 დოლარი საბურთალოზე ღირს, ხოლო მესამე ადგილს 1 329 დოლარით კრწანისი იკავებს.
რაც შეეხება მიწოდებას, მიმდინარე წლის 5 თვეში სამშენებლო ნებართვა გაიცა 621 ათას საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.