“შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ ღვინის ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელი, წარმოების სხვა რგოლებზე არ იმოქმედებს. BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას, ნუცა აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ მეღვინეობაში სხვადასხვა რისკების გადასაზღვევად ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

ღვინის ექსპორტის 2024 წლის რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ადგილობრივი ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 43.2%-ით შეუმცირდა. საქართველოდან საზღვრებს გარეთ სულ 24 მილიონ ლიტრამდე ღვინო გაიყიდა. მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 4 თვეში ექსპორტირებული სასმლის მოცულობა 45 მლნ ლიტრს აღემატებოდა. პანდემიური - 2020 წლის შემდეგ ღვინის ექსპორტში ასეთი შემცირება საქართველოს არ ჰქონია. წელს გაყიდვები ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. 4 თვეში რუსეთში ჯამში 40 მილიონ 450 ათასი დოლარის ღირებულების 14 403 865 ლიტრი ღვინო გავიტანეთ, რამაც 2021 წლიდან ამ მიმართულებით გაყიდვების მზარდი დინამიკა შეცვალა.

“შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ „შუხმანის“ ღვინოები რუსეთში მცირე რაოდენობით იყიდება, ამიტომ რუსეთის ფაქტორი მათ ექსპორტის მაჩვენებლების ცვლილებაში ერთადერთი და ძირითადი არ არის.

„ბოლო 4 თვეში ღვინის ექსპორტში დაახლოებით 40%-იანი კლება გვაქვს, რაც ჩვენნაირი კონიუნქტურის ბაზრისთვის და მევენახეობის ძალიან დიდი მაჩვენებელია და საგრძნობია. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკის სხვა პარამეტრებზე არ აისახება, რადგან ფერმერი პროდუქციის შექმნის ხაზში უმნიშვნელოვანესი მონაწილეა. აქედან გამომდინარე, მეღვინეობაში სხვადასხვა რისკების გადასაზღვევად ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია.

„შუხმანის მეღვინეობას“ რუსეთში გადატვირთვების ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაქტორებისგან განპირობებულმა კლებამ ჩვენზე ნაკლები ზეგავლენა მოახდინა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია მრავალი წელია ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს და სირთულეებითა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ასეთი კლება არ გვაქვს. დიახ, კლება ექსპორტში გვიფიქსირდება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ბაზრიდან გამოწვეული. ჩვენ გეოგრაფიულად სხვადასხვა გამოწვევები გვაქვს რეგიონში არსებული საომარი მოქმედებების გამო,ლოგისტიკურ ჭრილშიც იყო პრობლემები აზიის მიმართულებით, რაც ასევე რეგიონში არსებული ვითარებით იყო განპირობებული. ეს ყველა ფაქტორი საბოლოოდ აისახება კლებაზე. თუმცა ქართული ღვინო ჩამოყალიბებულია ბრენდად და მას მსოფლიო ბაზარზე ძალიან კარგი შეფასება აქვს, რაც იძლევა ახალ ქვეყნებზე შესვლისა და რთული თაროების დაკავების შესაძლებლობას. მე ყოველთვის ვიძახი, რომ ქართული ღვინო ბუტიკური ტიპის ნიშური პროდუქტია, რადგან ჩვენი რესურსი ლიმიტირებულია და ამიტომ ჩვენ ხარისხზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, - განმარტავს ნუცა აბრამიშვილი.

მისი ინფორმაციით, შუხმანის ღვინოების ღირებულება საექსპორტო ქვეყნებში 15 დოლარიდან იწყება და 40-60 დოლარსაც აღწევს. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ექსპორტის შემცირების მიუხედავად, წელს გაყიდვებში სტაბილური მოლოდინები აქვთ და იმედოვნებენ, რომ მიმდინარე წლის რთველი კარგად წარიმართება.

bm.ge