აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა ცხოველური წარმოშობის სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო კვერცხის ადგილობრივი წარმოებების, იმპორტიორების, საბითუმო, მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტების, საკონდიტრო საცხობების კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მოწმდება შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადები, წარმოების პროცესი და ეტიკეტირების შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. მას აქვს უფლება, ფლობდეს უტყუარ და ამომწურავ ინფორმაციას სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული სურსათის შესახებ.
ხორცის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ:
- შენახვისა და განთავსების პირობებს - ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით - 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადაა 48 საათი;
- ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი წითელი შეფერილობა. ხბოს, ღორისა და ცხვრის ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი;
- ქონი უნდა იყოს მოყვითალო, ერთგვაროვანი;
- ხორცის ზედაპირი უნდა იყოს მშრალი და ზედაპირზე თითის დაჭერისას ნაჭდევი არ უნდა დარჩეს;
- ხორცს არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები, გარქოვანებული ნაწილები და ლორწო;
- ნუ შეიძენთ ხორცს ისეთ ადგილას, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები!
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს