ახალი კანონპროექტით, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეიქმნება სამსახური, რომელიც საავტომობილო გზებსა და მაგისტრალებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს გამოავლენს. სამსახური მათ შორის უზრუნველყოფს პირუტყვის გზებზე გადასვლის პრევენციას. მთავრობის ინიციატივით, ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში შედის.
კანონპროექტის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს მიენიჭებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის უფლებამოსილება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე.
„ამასთანავე, განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ აღნიშნული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება, როდესაც სამართალდარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან როდესაც უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება და დააფიქსირებს სამართალდარღვევის ფაქტს. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება საჯარიმო ქვითრის ფორმისა და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დადგენის შესაძლებლობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ. შედეგად, იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე ნარჩენების მართვის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ეფექტიან გამოვლენასა და სამართლებრივ რეაგირებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.