„ეს არის პირდაპირი დარტყმა ტურიზმის სექტორზე,“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ „MEGOBARI აქტის“ ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას განაცხადა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ამ აქტშია ჩაწერილი, არის ის რომ შევამციროთ ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. საუბარია, მათ შორის ავიამიმოსვლის გაუქმებაზე. ეს არის პირდაპირი დარტყმა ტურიზმის სექტორზე და მავნებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ.
არსებობს აზრი, რომ სანქციების სიაში რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის მოხვედრა ემსახურება იმას, რომ ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს საქართველოს კეთილდღეობაზე. ჩემი რჩევაა, ხელისუფლებამ შეარბილოს რიტორიკა, ეს ქვეყანასაც წაადგება და თავად მათაც, რომლის მიმართაც ნდობა მოსახლეობაში სულ უფრო კლებულობს,“ - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
გიორგი ქობულიამ რამდენიმე ფაქტორზეც ისაუბრა, რომლითაც ამერიკა შესაძლოა, საქართველოთი უფრო მეტად დაინტერესდეს.
„იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ამერიკელები ჩვენი ბაზრით, ბევრი რამეა საჭირო. აქ არამარტო არამდგრადი გარემოა „შუაში“, არამედ ბაზრის სიმცირე, არ გვყავს სუპერ კვალიფიციური მუშახელი სხვადასხვა სფეროში - ეს ობიექტური მიზეზები გვიშლის ხელს ამერიკასთან. თუმცა პოტენციალი გვაქვს, რომელიც არ არის ბოლომდე რეალიზებული,“ - აღნიშნა ქობულიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი გასულ კვირას დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ კი „MEGOBARI აქტი“ ოფიციალურად სენატს გადაეცა. კანონპროექტი სენატის ოფიციალური კალენდრის “ზოგადი საკითხების” სექციაში 6 მაისს იქნა დამატებული სათაურით - “აქტი, რომ საქართველოში წინააღმდეგობა გაეწიოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენას”.
ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ „MEGOBARI აქტი“ გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად.