საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Point Zero Forum 2025-ში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართა - ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

„ფორუმი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სივრცეს საერთაშორისო განხილვებისთვის, პოლიტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით.

ღონისძიებას უმასპინძლა შვეიცარიის საერთაშორისო ფინანსების სახელმწიფო სამდივნომ (SIF) და ორგანიზაცია GFTN-მა (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მონეტარული ორგანოს ინიციატივით). ფორუმი აერთიანებს ფინანსური, ტექნოლოგიური და რეგულირების სფეროს გლობალურ ლიდერებს, რათა ჩამოაყალიბონ შეთანხმებული ხედვა ფინანსური და ციფრული ეკოსისტემების განვითარებაზე.

ეროვნული ბანკის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

ფორუმის ფარგლებში, „The FinTech Ecosystem Playbook“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ვარლამ ებანოიძემ.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ განხილვაში - „კანონმდებლობა და გლობალური ურთიერთაღიარების სტანდარტის ჩამოყალიბება“ მონაწილეობა მიიღო ღია ფინანსების ეკოსისტემისა და ფინანსური ინოვაციების განვითარების განყოფილების უფროსმა, ვასილ შენგელიამ.

ფორუმში ეროვნული ბანკის მონაწილეობა ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს ფინტექ ინოვაციების, ღია ფინანსებისა და რეგულირების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ამ ტიპის საერთაშორისო ფორუმებში აქტიური ჩართულობა თანხვედრაშია ეროვნული ბანკის სტრატეგიულ მიზანთან - ხელი შეუწყოს საქართველოში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას და მიუახლოვდეს გლობალურ საუკეთესო პრაქტიკებს რეგულაციურ ტექნოლოგიებში, მონაცემთა საზღვრებს შორის მართვასა და მდგრად ფინანსებში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.