სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, არსებულ მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს. თუნდაც ის, რომ საწვავი აქციზით იბეგრება, შეუძლია, თუნდაც ამ კუთხით მოახდინოს ფასის შედარებით კორექტირება, - აცხადებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ბერკეტის გარდა, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, სუბსიდირების მექანიზმები აამოქმედოს, მიდის თუ არა ამ საკითხის განხილვები, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ხვნა-თესვის პერიოდია, რომელიც მექანიზაციით ხდება და რომელიც დიზელზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, საწვავი ერთ-ერთი ძირითადი ხარჯია, როცა ხვნა-თესვის პერიოდზე ვსაუბრობთ. ის 15%-მდე მატება, რაც ამ ეტაპზე გვაქვს გასულ წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, ხარჯების ზრდას ნიშნავს.
როგორც პარტნიორი კომპანიებისგან გვაქვს ინფორმაცია, მაღალი ფასნამატი სასუქების შემდგომ პარტიებზე იქნება, რადგან როგორც წესი, გარკვეული მარაგები აქვთ ხოლმე. იქიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტიდან გახდა პრობლემასასუქების გამოტანა, არამედ რადგან საწვავიცგაძვირებულია, გაზრდილია ლოგისტიკური ხარჯებიც, რაც ნებისმიერი ტიპის იმპორტირებული პროდუქტის ფასის გაზრდას ნიშნავს. სამწუხაროდ, მოლოდინი არის, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილევერ აზუსტებს, კონკრეტულად რამდენი პროცენტით არის მოსალოდნელი პროდუქციის გაძვირება, რადგან ეს მაჩვენებელი ბევრ ნიუანსზეადამოკიდებული.
„სხვადასხვა აგროსამუშაო სხვადასხვა პერიოდში ტარდება. აქედან გამომდინარე, ძალიან რთული სათქმელია, დღეს რომ 15%-იანი ზრდა არის, რა იქნება მომავალში. ასევე, საწვავის მოხმარება და სასუქების მოხმარება სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა დოზით ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რა სიტუაცია იქნება მოსავლის აღების პერიოდში. ის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავი და სასუქები, პლუს გაიზარდა მორწყვის გადასახადი, ყოველწლიურად იზრდება მუშახელის ხელფასები, მოიმატა დენის ტარიფმა, ერთიანად გამოვა ის, რომ ამა თუ იმ პროდუქციის თვითღირებულება გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო ფასიც, რომელსაც მომხმარებელი იხდის, სამწუხაროდ, გაიზრდება“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.