2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საწარმოების 7%-ში დასაქმებული იყო 18,935 უცხოელი მოქალაქე (სამუშაო ძალის 2%), - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, მათი უმეტესობა დასაქმებული იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (38%), რომელსაც მოსდევდა მშენებლობა (14%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (7%).
აღნიშნული მაჩვენებელი 4%- ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, თუმცა 89%-ით აღემატება 2021 წლის მონაცემს.
„2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მსხვილ საწარმოებში (39%) მუშაობს, ხოლო დანარჩენები - მცირე (37%) და საშუალო ზომის (24%) საწარმოებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ უცხოელთა 66% თბილისშია თავმოყრილი.
რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული, პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რომელსაც მოსდევს მშენებლობის დარგი,“- წერია კვლევაში.