“საოჯახო კალათის შემოღება კომისიის საქმიანობის გაკეთილშობილების მცდელობაა, რადგან ამ პროდუქტებზე ფასდაკლებები ყოველკვირეულად აქამდეც არსებობდა“ - ამის შესახებ კომერსანტთან საუბრისას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორმა ნოდარ სირბილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმ საოჯახო კალათის ფარგლებში არსებულ სურსათზე ფასდაკლებები ყოველკვირეულად სხვადასხვა სავაჭრო ქსელში აქამდეც არსებობდა და ამაში ახალი არაფერი არ არის.

„ფასების კომისიის სამუშაო ფორმატის დასრულების შემდეგ კერძო სექტორი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეექმნათ ე.წ საოჯახო კალათა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას. ამის პირველი ნაბიჯებიც უკვე ვნახეთ, მაგრამ ეს პროცესი რეალურად აქამდეც მიმდინარეობდა. ვინც კი ადევნებთ თვალყურს სხვადასხვა სავაჭრო ქსელის ფასდაკლებებს, ნათლად დაინახავთ, რომ ის ფასები, რასაც ახლა გვთავაზობენ, აქამდეც გვხვდებოდა ფასდაკლებების სახით და ამაში ახალი არაფერი არ არის. ისევ ის ფასებია, უბრალოდ ახლა განსხვავებული სახელი და ინიციატივა დაერქვა, თორემ ფასდაკლებები ამ პროდუქტებზე ფაქტობრივად მუდმივად გვაქვს.

მაგალითად ავიღოთ ზეთი, სხვადასხვა ბრენდის ზეთი მუდმივად ფასდაკლებაშია სხვადასხვა ქსელში და მომხმარებელს ისედაც ჰქონდა შესაძლებლობა იაფად შეეძინა. რეალურად მგონია, რომ ამ ვითომ ახალი ინიციატივის გაჟღერების მთავარი მიზეზი არის ის, რომ რამენაირად დადასტურდეს ფასების კომისიის მუშაობის ვალიდურება, რომ მათ ამ პერიოდში რაღაც საქმე მართლა გააკეთეს“. - აცხადებს თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი ნოდარ სირბილაძე.