კომერციული დანიშნულებით პარაპლანით ფრენების შესრულება გამოწვევად რჩება - ამის შესახებ პარაგლაიდინგის ფედერაციაში აცხადებენ.

ფედერაციის გამეგეობის თავმჯდომარე ირაკლი კაპანაძე, "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში ამბობს, რომ რეგულაციებმა დადებითი შედეგი მოიტანა და ფრენები ბევრად მოწესრიგებული და უსაფრთხოა, თუმცა სამუშაო პროცესში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა.

"საფრენ ლოკაციებზე უფლების მიღება, მუნიციპალური მიწების შემთხვევაში, ძალიან რთულია, შესაბამისად, კომერციული ფრენები ამ ეტაპზე მხოლოდ გუდაურშია. კერძო პირებთან ტერიტორიების იჯარით აღებაზე პრობლემა არ არის. ასევე, გამოწვევად რჩება პილოტების დაზღვევა და ამ მიმართულებით დარღვევები ფიქსირდება, რადგან დაზღვევის გარეშე პილოტს ფრენის უფლება არ აქვს. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებულია, მათ შორის სადაზღვევო პაკეტებთან დაკავშირებით და მომავალ კვირაში გარკვეული სიახლეები იქნება." - აღნიშნავს, ირაკლი კაპანაძე.

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, 80-მდე სერტიფიცირებული პილოტია საქართველოში.

შეგახსენებთ, პარაპლანით ფრენა 2024 წლიდან აღდგა, რასაც წინ უძღოდა არაერთი რეგულაცია, რომლის მიზანიც უბედური შემთხვევების შემცირება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა იყო.

წყარო: ბიწნესპარტნიორი