რუსეთში „მტრულად განწყობილი“ ქვეყნების კერძების დაბეგვრის ინიციატივით გამოვიდნენ.
როგორც „კომუნისტური რუსეთის“ თავმჯდომარე აცხადებს, საჭიროა იმ რესტორნების დისკრედიტაცია, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ იმ ქვეყნების კერძებს, რომელთა ღირებულებები რუსულს არ შეესაბამება.
ამის შესახებ პარტია „კომუნისტური რუსეთის“ ლიდერმა, სერგეი მალინკოვიჩმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არასწორია იმ ქვეყნების სამზარეულოს პოპულარიზაცია, რომლებიც რუსეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი. ეს ქვეყნები ხომ არ უწყობენ ხელს რუსული სამზარეულოს მქონე რესტორნების განვითარებას და მათთან ასეთი რესტორნები საერთოდ არ არის“, – განაცხადა მალინკოვიჩმა.
მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იტალიური, ფრანგული, სამხრეთ კორეული, იაპონური, ესპანური და გერმანული სამზარეულოს მქონე რესტორნების დისკრედიტაცია.
„იტალია, საფრანგეთი, გერმანია აქტიურად გამოდიან ჩვენ წინააღმდეგ. იაპონიას უკვე დიდი ხანია, სურს ჩვენი ტერიტორიების დასაკუთრება. ამიტომ ამ ქვეყნების კერძებზე დამატებითი 12%-იანი გადასახადი უნდა დაწესდეს. სხვების შემთხვევაში შეგვიძლია, 10%-ით დავიწყოთ“, – განაცხადა მალინკოვიჩმა.
მალინკოვიჩი ასევე აცხადებს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს თურქულ და აზერბაიჯანულ რესტორნებზე. მისი თქმით, ამ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დაიძაბა. ამასთან, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნების სამზარეულოს მქონე რესტორნებს არაფერი უნდა დაემუქროს.
ასეთ ქვეყნებად მალინკოვიჩი ასახელებს ბელარუსს, ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ვიეტნამს, უზბეკეთს, ჩრდილოეთ კორეას და არაბულ ქვეყნებს.
რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების სიაში ამჟამად 49 სახელმწიფოა შეყვანილი. მათ შორის არის ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა. ამ სიაში ასევე არიან აშშ-ი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, უკრაინა, შვეიცარია და მონტენეგრო“.