თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩა #5-7 ში (ყოფილი ლესელიძე) სავაჭრო ცენტრი შენდება.  ტერიტორიაზე განთავსებული იყო 1970-1980 იან წლებში აშენებული 2 სართულიანი ნაგებობა შიდა ეზოთი, რომელსაც არ გააჩნდა ძეგლის სტატუსი.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, ობიექტი, რომელიც არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგ ადგილზე უნდა აშენდეს, წარმოადგენს 4 სართულიან შენობას სარდაფით. ფუნქციურად შენობა წარმოადგენს სავაჭრო ობიექტს. ნაგებობის პირველ, მეორე და მესამე სართულებზე განთავსდება ღია სავაჭრო სივრცეები, სარდაფის სართულზე მოეწყობა საზოგადოებრივი სველი წერტილები, საწყობები და წყლის რეზერვუარი. შენობას ექნება 4 შესასვლელი. პროექტში გათვალისწინებულია 2 კიბე და  ლიფტი.ასევე ტერიტორიაზე იქნება მცირე ზომის შიდა ეზო.

შენობის მფლობელი და მშენებლობის დამკვეთი არის  შპს აგუნა, რომლის დირექტორი ჯალილა ამოევია, მესაკუთრე კი სააქციო საზოგადოება თბილისი ჯგუფი, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი შპს ესტელ ჯორჯიაა.  ესტელ ჯორჯიას 100%-იან წილს კი ვლადიმერ დავიდი ფლობს.

შპს აგუნას წილებს წარსულში სხვადასხვა დროს ასევე ფლობდნენ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. ზურაბ ტყემალაძის შვილი ირაკლი ტყემალაძე კი 2023 წლის იანვრამდე შპს-ს დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა.