ფინანსური პირამიდებისგან მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ზარალდება და გამონაკლისი არც საქართველოს მოსახლეობაა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ფინანსური პირამიდების თავისებურებებზე ისაუბრა და იმ საკითხსაც შეეხო, როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ საქმე გვაქვს მინიმუმ ძალიან საეჭვო კომპანიასთან.

„ფინანსური პირამიდა სამშენებლო სექტორში სათავეს „ცენტრ პოინტიდან“ იღებს, რომელიც რაღაც ეტაპზე ჩვეულებრივ პირამიდად გადაიქცა - ვალდებულებებს იღებდა, მაგრამ შემდეგ ვერ ასრულებდა.

ფინანსური პირამიდის მთავარი მახასიათებელია ის, რომ რაღაც კომპანია, არ აქვს მნიშვნელობა, შპს იქნება თუ სხვა ტიპის, იღებს გარკვეულ ვალდებულებებს, თუმცა, არ აქვს ამ ვალდებულებების გადახდის შესაბამისი აქტივი. ფულს იხდის იქამდე, სანამ ახალი მომხმარებლები ემატება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი ქვეყნებისგან განსხვავებით, ხანგრძლივი სქემები ჩვენთან ვერ ყალიბდება და მალე იშლება ხოლმე, რადგან ფულის გადამხდელი ბევრი არ არის.

მოსახლეობამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ანაბრისა და დეპოზიტზე თანხის მიღების უფლება ბანკებისა და მიკრო ბანკების გარდა არავის არ აქვს, მათ შორის, ანაბრის მიღების უფლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც კი არ აქვთ. მთავარი წითელი ხაზი და ერთგვარი მარკერი კი საბაზროზე მეტი სარგებლის შეთავაზებაა - აქ ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.